საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ სეზონის სტარტზე ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-2 ტურში ლევან კორღალიძის გაწვრთნილმა გუნდმა ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა, რომელსაც გერმანელი დირკ შუსტერი ავარჯიშებს და 2 უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლებს თამაშის სადავეები ხელიდან ორი ტაიმის განმავლობაში არ გაუშვიათ და სამი ქულაც დამსახურებულად აიღეს.
მატჩის 39-ე წუთზე „იბერიას“ შეტევის დროს, მეტოქის ნახევარზე მყოფმა იური ტაბატაძემ ქუთაისელთა საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც მყოფმა ლუკა სილაგაძეს კარგად ვერ დაარტყა, მაგრამ პასი ირაკლი სიხარულიძის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
66-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ლუკა სილაგაძემ კარის გასწვრივ დაარტყა და ბრაზილიელი მცველის ერიკ პიმენტელის ფეხიდან ბურთი კარში აღმოჩნდა – 2:0.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „იბერია“ 6 ქულით 10-გუნდიანი სატურნირო ცხრილის სათავეშია.
იბერია 1999 2:0 ტორპედო
პარალელურად თელავის „კავკასიონ არენაზე“ გამართულ შეხვედრაში ადგილობროვმა „თელავმა“ ვალერი გაგუას ხელმძღვანელობით ფოთის „კოლხეთი“ მიიღო, რომელსაც კახა ჩხეტიანი თავკაცობს და მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 58-ე წუთზე დავით უბილავამ მარცხენა ფლანგზე რეიდი თავისი ნახევრდინ დაიწყო და მეტოქის საჯარიმოში ნიკა ცეცხლაძე მოძებნა, რომელმაც თავის მხრივ პასი ტატო ჟივიძეს გაუკეთა, ამ უკანსკნელმა კი მატჩის ერთადერთი გოლი გაიტანა. გაგუამ, რომელიც „თელავს“ სათავეში მიმდინარე წლის ზამთარში ჩაუდგა, თავის სამწვრთნელო კარიერაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თავისი პირველი თამაში მოიგო. “თელავი” 3 ქულით ცხრილში მესამეა.
თელავი 1:0 კოლხეთი 1913
ლაშა თაბაგარი
