პსჟ-ს დასანანი მარცხი – კვარაცხელიას გოლი არ ჩაუთვალეს

0
24

პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველ მატჩში „ლივერპულს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. არადა, პარიზელებმა ინგლისის პრემიერლიგის ლიდერს ორი ტაიმის განმავლობაში აჯობეს და არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, ხოლო სტუმრების ერთადერთმა ზუსტმა დარტყმამ კარში დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა.
ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და მოედანზე 77 წუთი გაატარა. გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ის ორივე გუნდში ყველაზე გამორჩეული იყო.
მატჩის მე-20 წუთზე ვიტინიას პასის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ ბურთი მეტოქის საჯარიმოში მიიღო და მარცხენა ფეხით შორეულ „ცხრიანში“ გაიტანა. არბიტრმა ეპიზოდი რეფერის ვიდეოასისტენთან გადაამოწმა და საქართველოს ნაკრების ფორვარდზე თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა, რის გამო გოლი გაუქმდა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ “კვარას” მეტოქე ფეხბურთელზე წინ ქუსლი ჰქონდა.
29-ე წუთზე კვარაცხელიამ დაახლოებით 22 მეტრიდან ძლიერად დაარტყა და კუთხეში წასული ბურთი ალისონმა ნახტომში კუთხურზე მოიგერია.
30-ე წუთზე უსმან დემბელე ბრაზილიელ მეკარესთან პირისირ გავიდა და მისი დარტყმული ბურთი ალისონმა ფეხით მოიგერია, მაგრამ შეტევა გაგრძელდა და ბრედლი ბარკოლამ ორი ცდის მიუხედავად, ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა.
37-ე წუთზე კვარაცხელია ინგლისელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და სამ მეტოქეს გაექცა, თუმცა მისი დარტყმული ნახტომში ისევ ალისონმა გაანეიტრალა. მეორე ტაიმის დასაწყისში კვარაცხელიამ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ძალიან სახიფათოდ შეასრულა და ალისონმა, რომელიც საუცხოოდ თამაშობდა, ისევ არ გაატანინა. ამ ეპიზოდიდნ ცოტა ხანში კვარაცხელიამ ჩვეულ სტილში მარცხენა ფლანგიდან ცენტრსიკენ შეიწია და საჯარიმოს გარედან დაარტყა – ბრაზილიის ნაკრების მეკარემ ისევ უშეცდომოდ ითამაშა.
87-ე წუთზე ალისონმა თავისი ნახევრიდან გრძელი პასი გაუკეთა დარვინ ნუნიესს, რომელმაც საჰაერო ორთაბრძოლა მარკინიოს მოუგო და საჯარიმოში ზუსტი პასი ჰარვი ელიოტს მისცა, ამ უკანასკნელმა კი ერთი შეხებით შორეულ კუთხეში გაიტანა – 0:1.
ამ გუნდებს შორის საპასუხო მატჩი ლივერპულში 11 მარტს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი