მიქაუტაძემ საფრანგეთის ჩემპიონატში მეექვსედ გაიტანა

0
4

გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა, რაც „ლიონში“ გადასვლის შემდეგ პირველად მოხდა. 22-ე ტურში ლიონელები გასვლაზე აუტსაიდერ „მონპელიეს“ დაუპირისპირდნენ და 4:1 დაამარცხეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში მატჩის მე-3 წუთზე გახსნა, როდესაც რაიან შერკის პასის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში ერთ მცველს გაცდა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 0:1.  მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 22 მატჩში 6 გოლი და ერთი საგოლე პასია. მან საფრანგეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და თავის ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა. გარდა ამისა, ევროპა ლიგაში 7 შეხვედრა ჩაატარა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა.
38-ე წუთზე სავანიემ ბურთი სტუმართა საჯარიმოში მიიღო და ზუსტი გადაცემა ტანგი კულიბალის გაუკეთა, რომელმაც ტალიაფიკოს დაასწრო და ახლო მანძილიდან გაიტანა – 1:1.
51-ე წუთზე ნემანია მატიჩმა თავისი ნახევრიდან პასი „მონპელიეს“ საჯარიმოში გახსნილ ნუამას მისცა, რომელმაც მცველს გვერდი აუარა და ბურთი კარში გაახვია – 1:2.
53-ე წუთზე ნუამამ მოწინააღმდეგის ნახევარზე მიიღო ბურთი და მასპინძლების საჯარიმოში გუნდის კაპიტანი კორენტენ ტოლისომ მოძებნა, რომელმაც მცველს საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო  და თავით შეაგდო – 1:3.
მიქაუტაძე 70-ე წუთზე ლაკაზეტმა შეცვალა, რომელმაც მოედანზე შესვლიდან სამ წუთში „მონპელიეს“ კარი აიღო. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „ლიონი“ 36 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი