საოცარ ბრძოლაში ფანტასტიკურად მოგებული მატჩი. გიორგი შერმადინის ტენერიფემ სტუმრად, მურსიასთან 78:77 იმარჯვა ისე, რომ ძირითადი დროის დასრულებამდე 0.8 წამით ადრე 2 ქულით აგებდა. ასეთ სიტუაციაში მყოფი გუნდის მოგება დიდი ვერაფერი ამბავია, ასეთები ძალიან ხშირად ხდება, თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა 2 ქულას აგებ, 0.8 წამი რჩება და მეტოქე საჯარიმოს ესვრის.
ამ ფანტასტიკური ფინალის მქონე მატჩში შერმადინმა არასრული 22 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სტატისტიკა ერთი შეხედვით არ ბრწყინავს, თუმცა ქართველი ცენტრის მონაგარი ტენერიფელთაგან შედეგიანობით მეორე იყო. შერმადინმა თამაშიდან ბურთი არ ააცილა: 3-დან 3 ორიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, რამაც მისი სარგებლიანობის ინდექსი გვარიანად, 18-ამდე აქაჩა. ამ მაჩვენებლით კი საუკეთესო მარსელინიო ჰუერტასი იყო, რომელმაც 28 ქულა და 7 პასი მიითვალა.
15 მოგებითა და 5 მარცხით ტენერიფე მე-2 ადგილზე მყოფ უნიკახას გაუთანაბრდა. ესპანეთის ჩემპიონატში 1 მარტამდე შესვენება იქნება. მანამდე ესპანეთის სამეფო თასის თამაშები და სანაკრებო ფანჯარაა. შერმადინი თასის თამაშებს რომ დაასრულებს, საქართველოს ნაკრებში გამოემგზავრება.
