მიქაუტაძის მეხუთე გოლი – „ლიონმა“ მოუგებელი სერია შეწყვიტა

0
13

„ლიონმა“, რომლის ღირსებას გიორგი მიქაუტაძე იცავს, საფრანგეთის ლიგა 1-ში 4-მატჩიანი მოუგებელი (2 ფრე და 2 მარცხი) სერია შეწყვიტა. 21-ე ტურში ლიონელებმა „რეიმსს“ უმასპინძლეს და 3:0 დაამარცხეს. ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პორტუგალიელმა პაულუ ფონსეკამ შეუცვლელად ათამაშა საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხნელი, რომელმაც თავისი გუნდის წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
მატჩის 36-ე წუთზე „რეიმსის“ ნახევარზე მყოფმა ტოლისომ მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში გახსნილ ტალიაფიკოს, რომელმაც ახლო მანძილიდან ერთი შეხებით ანგარიში გახსნა – 1:0.
მეორე ტაიმის დასაწყისში დიაკონმა საჯარიმოს მისადგომებიდან ძალიან სახიფათოდ დაარტყა და „ლიონის“ მეკარემ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გასვებას გადაარჩინა.
55-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი კუმბედის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ხოლო მიქაუტაძემ გატანა „მაკრატელათი“ სცადა, მაგრამ უშედეგოდ. 68-ე წუთზე საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს, შერკიმ ზუსტი პასი გაუკეთა „რეიმსის“ კარის წინ უმეთვალყურეოდ დარჩენილ ტოლისოს, რომელმაც თავით გაიტანა – 2:0.
79-ე წუთზე „ლიონის“ კონტრშეტევის დროს ფოფანამ მარცხენა ფლანგიდან გააკეთა საჯარიმოში გადაცემა, სადაც მყოფმა მიქაუტაძემ ბურთი ფეხებს შორის ოსტატურად გაატარა, ხოლო შერკიმ „რეიმსის’ კარი აიღო – 3;0. 87-ე წუთზე „რეიმსი“ მოედანზე 10 კაცით დარჩა, რადგან მეტოქისთვის ფეხის უკნიდან ჩარტყმის გამო ზაბი გააძევეს. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე “რეიმსის” საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა შერკიმ პასი მიქაუტაძეს მისცა, რომელმაც ვარდნაში გაიტანა. მის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 მატჩში 5 გოლი და ერთი საგოლე პასია. მან საფრანგეთის თასზე 2-ჯერ ითამაშა და თავის ანგარიშზე 2 გოლი ჩაიწერა. გარდა ამისა, ევროპა ლიგაში 7 შეხვედრა ჩაატარა და თავი 2-ჯერ გამოიჩინა, პლუს 1 საგოლე პასი გააკეთა.
„ლიონი“ 33 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი