ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი კარეირას მექსიკის „მონტერეიში“ გააგრძელებს. 38 წლის „რეალის“ ექსკაპიტანი ახალ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და მისი ანაზღაურება წელიწადში 4 მილიონ ევრო ოქნება.
რამოსი, რომელმაც გასული სეზონი „სევილიაში“ გაატარა, „მონტერეის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
ის „რეალში“ 2005 – 2021 წლებში გამოდიოდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 671 მატჩში 101 გოლი გაიტანა.
მან მადრიდელებთან ერთად ესპანეთის ლა ლიგა 5-ჯერ მოიგო, ესპანეთის თასი – 2-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა – ოთხჯერ, ესპანეთის სუპერთასი – ოთხჯერ, უეფასს სუპერთასი – 3-ჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი – 4-ჯერ. „რეალიდან“ წასული პსჟ-ში გამოდიოდა, ხოლო შემდეგ „სევილიაში“ დაბრუნდა, სადაც საკლუბო კარიერა დაიწყო.
რამოსმა ესპანეთის ნაკრებში 180 მატჩი ჩაატარა, რაც ამ ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში რეკორდია. მან 2010 წელს მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ხოლო 2008 და 2012 წელს – ევროპის ჩემპიონატი, ხოლო „ფურია როხას“ მაისურით 23 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
