„უოტფორდმა“, რომელშიც გიორგი ჩაკვეტაძე გამოდის, ინგლისის ჩემპიონშიფში წარუმატებლად ზედიზედ მესამე თამაში ჩაატარა. 30-ე ტურში უოტფორდელები შინ „ნორვიჩს“ შეხვდნენ და მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად კიდევ ერთი შეხვედრა ითამაშა. 35-ე წუთზე მასპინძლები მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩნენ, რადგან კოტდივუარელმა ფორვარდმა ბაიომ უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
„ნორვიჩიდან“ ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე სარგენტმა გაიტანა. პირველ ტაიმში ჩაკვეტაძეს ანგარიშის გათანაბრების შანსი ჰქონდა, როდესაც მეკარესთან პირისპირ გასულმა ბურთი ოდნავ წინ გაიგდო და კარგად ვერ დაარტყა. ამ ეპიზოდში ქართველი ფეხბურთელი წაიქცა და მიიჩნევდა, რომ სტუმართა გოლკიპერი ეუხეშა, მაგრამ მსაჯმა წესის დარღვევა არ დააფიქსირა. „უოტფორდი“ 41 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





