გიორგი მიქაუტაძემ “ლიონის” შემადგენლობაში თავი საფრანგეთის თასზეც გამოიჩინა. 1/32-ფინალში “ლიონი” გასვლაზე მე-4 ლიგის “ფეინი ოლნოის” შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს ვირუსი შეხვდა და მოედანზე მისი გასვლა სათუოა იყო. თუმცა, გამოჯანმრთელდა და გოლიც გაიტანა, რომელიც საბოლოოდ გადამწყვეტი აღმოჩნდა.
მიქაუტაძე მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა, როდესაც “ლიონი” 1:0 იგებდა – სტუმრები 44-ე წუთზე ბენრაჰმამ დააწინაურა. 88-ე წუთზე ბენრაჰმას პასის შემდეგ, მიქაუტაძე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ზუსტად დაარტყა – 0:2. ამრიგად, მან “ლიონში” სადებიუტო სეზონში მეტოქეთა კარი სამ ტურნირში აიღო – ლიგა 1-ში, ევროპა ლიგაში და თასზე. მასპინძლებიდან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე საუცხოო დარტყმით გოლი კოუბემბამ მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





