ფინეთს მეორედაც მოვუგეთ!!!

0
65

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გუნდმა ამჯერად ფინეთის ნაკრები უკვე შინ დაამარცხა და შეიძლება ითქვას, რომ ევროპის ჩემპიონატისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.
როგორც ფინეთში, თბილისშიც შეხვედრა მეტოქის უპირატესობით დაიწყო, რომელმაც პირველი პერიოდი მოიგო, მაგრამ მეთოდურად საქართველოს ნაკრებმა მოიპოვა სათამაშო უპირატესობა, რაც ანგარიშშიც აისახა. პირველად ჯიკიჩის გუნდი ტაიმის მიწურულს დაწინაურდა, მესამე პერიოდიდან კი, ფინეთის ნაკრები უკვე ყოველთვის მდევრის როლში იყო.
გარდამტეხი გამოდგა მეოთხე პერიოდის საწყისი 4 წუთი, როცა საქართველოს ნაკრებმა 8:0 გაქცევა მოაწყო და სტუმრებმა თამაშში დაბრუნება ამის შემდეგ ვეღარ მოახერხეს. საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს 17 ქულით აჯობა – 81:64.
საქართველოს ნაკრებში ისევ შესანიშნავად ითამაშეს თორნიკე შენგელიამ და კამარ ბოლდვინმა, რომლებიც უბრალოდ შეუჩერებელნი იყვნენ.
ამერიკელმა ლეგიონერმა, რომელმაც თბილისში პირველად ითამაშა, 37 წუთში 22 ქულა, 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. მან 8-დან 5 ორქულიანი და 6-დან 4 სამქულიანი ჩააგდო და მარგი ქმედების კოეფიციენტი 34-ს გაუტოლდა!
თორნიკე შენგელიამ 35 წუთში 25 ქულა, 4 მოხსნა და 6 პასი მიითვალა. კაპიტანმა 13-დან 9 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 7-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 29 იყო.
საქართველოს ნაკრებმა G ჯგუფში ორი წაგების შემდეგ, ზედიზედ ორი გამარჯვება იზეიმა და ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ჯიკიჩის გუნდს კვალიფიკაციის დასკვნითი ორი მატჩი უკვე გაისად ელის. 21 თებერვალს საქართველო თბილისში დანიას მიიღებენ და ამ მატჩის ნებისმიერი სხვაობით მოგების შემთხვევაში, ფინალური ეტაპის საგზურს ოფიციალურად გაიფორმებს, 24 თებერვალს კი გასვლითი შეხვედრაა G ჯგუფის ლიდერ სერბეთთან. სერბებმა ევრობასკეტ2025-ის საგზური უკვე გაინაღდეს.
საქართველო – ფინეთი 81:64 (17:21, 21:19, 17:13, 26:11)
საქართველო: ბოლდვინი (22 ქულა, 9 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა), სანაძე (12 ქულა, 2 პასი, 2 ჩაჭრა), ფევაძე (2 ქულა, 2 მოხსნა, 2 პასი), შენგელია (25 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება), შერმადინი (5 ქულა, 4 მოხსნა) – სასტარტო; ანდრონიკაშვილი (6 ქულა, 6 პასი, 4 ჩაჭრა), ბურჯანაძე (9 ქულა, 3 მოხსნა, 3 პასი), ჯინჭარაძე (3 მოხსნა), ხატიაშვილი, კორსანტია, ლიკლიკაძე, მაზიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: ალეკსანდარ ჯიკიჩი

გოჩა კაჭარავა