„ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის ჰანსი ფლიკის თქმით, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში რაფინიას მსგავსი ფეხბურთელი არასოდეს ჰყოლია. მან ამის შესახებ ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპის მე-3 ტურში შინ მიუნხენის „ბაიერნთან“ 3:1 მოგებული მატჩის მერე განაცხადა, რომელშიც ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გარემარბმა ჰეთ-თრიქი შეასრულა.
„ჩემს მიერ გაწვრთნილ არცერთ გუნდში რაფინიას მსგავსი მოთამაშე არ მყოლია. ის მოედანზე ბოლომდე იხარჯება. რაფინია თამაშში მთელ სულს დებს. ის ბურთით თუ უბურთოდ ძალიან კარგია – ყოველთვის იწყებს პრესინგს და ჩვენს მიერ შექმნილ მომენტებს ასრულებს. იგი ყოველთვის იღიმის“ – იუწყება უეფას ვებგვერდი გერმანის ნაკრების ექსმწვრთნელის ნათქვამს, რომელიც „ბარსელონამდე“ „ბაიერნს“ ავარჯიშებდა და ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი
