საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები, რომელსაც ზაურ სვანაძე წვრთნის, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრ პლეი-ოფში ხორვატიას შეხვდება.
ამის შესახებ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა.
პლეი-ოფი ორი მატჩისგან შედგება – საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს შინ ითამაშებს, ხოლო 19 ნოემბერს ხორვატიაში. წყვილში გამარჯვებული 2025 წელს ევროპის პირველობაზე გაემგზავრება, რომელიც სლოვაკეთში 11-დან 28 ივნისის ჩათვლით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე ერთხელ ითამაშა – 2023 წელს, როდესაც რუმინეთთან ერთად ტურნირის თანამასპინძელი იყო. მაშინ, სვანაძის გაწვრთნილები 1/4-ფინალში გავიდნენ, სადაც პენალტების სერიაში ისრაელთან დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი
