ლიონელ მესის არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში თავისი მე-10 ჰეთ-თრიქი შეასრულა. მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში არგენტინამ შინ ბოლივია 6:0 გაანადგურა. მასპინძლების კაპიტანმა სამი გოლის გატანის გარდა, ორი საგოლე პასი მიითვალა. მის გარდა მეტოქის კარი ლაუტარო მარტინესმა, ხულიან ალვარესმა და ტიაგო ალმადამ აიღეს.
მესიმ არგენტინელთა მიერ ბოლო 7 წლის მანძილზე ჩატარებულ ოფიცალურ მატჩებში ორი ჰეთ-თრიქი მიითვალა და ორჯერვე ბოლივიასთან. ის სანაკრებო ჰეთ-თრიქების რაოდენობით კრიშტიანუ რონალდუს დაეწია.
მესი მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის სამხრეთ ამერიკის ზონაში 7 მატჩში გატანილი 6 გოლით საუკეთესო ბომბარდირია. მან კარიერაში 54 ჰეთ-თრიქი მიითვალა, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ – 66. მესიმ არგენტინის მაისურით თავი 112-ჯერ გამოიჩინა და ეროვნული ნაკრებების დონეზე საუკეთესო ბომბარდირებს შორის მხოლოდ რონალდუს (133) ჩამორჩება. არგენტინა 22 ქულით მუნდიალის შესარჩევში 10 გუნდში ლიდერია.
ბრაზილიამ პერუს უმასპინძლა და ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა. მასპინძლებიდან დუბლი რაფინიამ შეასრულა,, რომელმაც ზედიზედ ორი პენალტი გაიტანა. მის გარდა, თავი ანდრეას პერეირამ და ლუის ენრიკემ გამოიჩინეს. ბრაზილია 16 ქულით მე-4 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
