დასრულდა დუდუ დადიანის მემორიალის მეორე ტური და ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ ამ ეტაპისთვის არც ერთი ნახევარფინალისტი არ გამოვლენილა. მოგეხსენებათ, თითოეული, 3-გუნდიანი ჯგუფიდან მხოლოდ საუკეთესო გადის, თუმცა არც ერთ გუნდს ორივე თამაში არ მოუგია და შესაბამისად, პირველობა არ გაუნაღდებია.
4-დან 3 ჯგუფში ვითარება ისეა, რომ ბოლო ტურში ის გუნდები ხვდებიან, რომლებსაც თითო გამარჯვება აქვთ და ნახევარფინალში მხოლოდ მოგებული გავა. რუსთავის სპორტის სასახლეში დღეს გამართული 4 მატჩიდან პირველი D ჯგუფის შეხვედრა გახლდათ, რომელშიც ტყიბულის ორბმა გურჯაანის დელტა 7 ქულით დაამარცხა.
D ჯგუფი
ორბი vs გურჯაანის დელტა
სტატისტიკა: 86:79
ორბი პირველ ტურში ისვენებდა, დელტამ კი თსუ-სთან წააგო. ტყიბულის გუნდი 3 ლეგიონერით არის გაძლიერებული და რამდენიმე გამრჯე ქართველი კალათბურთელი ჰყავს, რომელთაგან გამოსარჩევია ახალგაზრდა ლუკა ლიკლიკაძე, ვისაც წინა სეზონი ლამის მთლიანად გაუცდა. სეზონის დასაწყისში, როცა ის გაუ-ს ღირსებას იცავდა, აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ოპერაცია გადაიტანა. ამხელა პაუზის შემდეგ ის პირველად გავიდა მოედანზე ოფიციალურ მატჩში და თავის ახალ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.
ტყიბულელებს კანადელმა ლეგიონერმა, დონდრე რედიკმა 21 ქულით, 7 მოხსნითა და 5 პასით ულიდერა. რიგით მეორე შედეგიანი მოთამაშე ბექა ლომაშვილია, რომელმაც 11 ქულა, 7 მოხსნა და 5 პასი მიითვალა. დელტაში კი ბომბარდირი ჯორდან სვოპშირი გახლდათ, რომელმაც 19 ქულა მიითვალა, სარგებლიანობის კოეფიციენტით საუკეთესო კი ბერდია ქავთარაძეა – 14 ქულა, 8 პასი და 3 მოხსნა. ორმაგი დუბლი დააგროვა გეგი ბაქრაძემ – 15 ქულა, 11 მოხსნა.
ამ ჯგუფში ბოლო ტურში ორბი თსუ-ს შეხვდება და გამარჯვებული ნახევარფინალში გავა.
A ჯგუფი
ბათუმი vs ქუთაისი
სტატისტიკა: 79:94
ბათუმმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგო და დუდუ დადიანის მემორიალი დაასრულა. აჭარული გუნდის მძლეველი ქუთაისია, რომელიც მემორიალის მომქედი ჩემპიონი და ახლაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. იმერულმა კლუბმა სოლიდური მოსამზადებელი შეკრება გაიარა ლატვიაში, რის შემდეგაც თურქეთში ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩი ითამაშა და სლოვაკურ ლევიცესთან დამარცხდა. ქუთაისელები ევროსეზონს ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობით გააგრძელებენ, შიდასარბიელზე კი ყველა ტურნირის მოგების ამბიცია ექნებათ.
ქუთაისმა ბათუმს უპრობლემოდ მოუგო. მით უფრო, რომ აჭარულ გუნდს დისკვალიფიკაციის გამო ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ილია ლონდარიძე აკლდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილი გუნდისთვის ზღვისპირელებთან დაპირისპირება კარგი მოთელვა იყო ჯგუფის მეორე ტურის მატჩისთვის, როცა ნახევარფინალში გასასვლელად ქუთაისი ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდს დაუპირისპირდება.
ქუთაისელთაგან 23 წუთზე მეტი არავის უთამაშია, გამორჩეულად შედეგიანიც არავინ ყოფილა. იმერული კლუბი საკმაოდ დაბალანსებულია და როგორც აღვნიშნეთ, ბათუმელთა დამარცხება არ გასჭირვებია. 10 ქულიანი ბარიერი ხუთმა მოთამაშემ დაძლია, რომელთაგან 15 ქულა გიორგი სულაბერიძეს ჰქონდა, 13 – ჯოშუა ფორტუნს, 12 – ელია ჯოინერს, ხოლო 11 გიორგი კორსანტიას. 10 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა გუნდის გამოცდილმა კაპიტანმა, აკაკი დვალიშვილმა.
ბათუმში შეუჩერებელი იყო ლუკა კალატოზიშვილი, რომელმაც 33 ქულა ისე მოაგროვა, თამაშიდან მხოლოდ 3 სროლა ააცილა: 12-დან 11 ორიანი და 4-დან 2 სამიანი გამოიყენა.
C ჯგუფი
ამრა vs ივერიონი
სტატისტიკა: 83:84
ჯერ-ჯერობით ყველაზე საინტერესო მატჩი დუდუ დადიანის მემორიალზე. გორის ივერიონმა ამრა მატჩის ბოლოსწინა წამზე ჩაგდებული საჯარიმო სროლით, მინიმალური სხვაობით დაამარცხა. ამრას რომ მეგო, ჯგუფში პირველ ადგილსა და ნახევარფინალის საგზურს ინაღდებდა, რადგან პირველ ტურში ჯგუფის მესამე მონაწილე კსუ დაამარცხა.
გაგრის ამრა საკმაოდ საინტერესო გუნდია და ბოლომდე იბრძვის. სტაბილური, კუნთმაგარი და ჩუბინი ლეგიონერები დიდ სამუშაოს ასრულებენ და კარგად ჰყვებიან ტემპს, რომელსაც სხარტი გამთამაშებელი, ლუკა მაზიაშვილი უძღვება. მასთან ერთად მოედანზეა ხოლმე ახალგაზრდა გამთამაშებელი, ლუკა ტაბაღუა, რაც ამრას შეტევების დამატებითი აქსელერატორია.
ამრა მთელი თამაში აგებდა კარგად დაბალანსებულ ივერიონთან. გორელებმა საკმაოდ ძლიერ შემადგენლობას მოუყარეს თავი და სეზონს დიდი ამბიციებით ხვდებიან. ამრასთან შეხვედრაში შიდაქართლელები ხელჩასაჭიდი უპირატესობით იგებდნენ და ბოლოს ბეწვის ხიდზე გაიარეს. ამრა მაზიაშვილის შედეგიანი თამაშის წყალობით ბოლოსწინა წუთზე დაწინაურდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო, თუმცა თანაბარ ანგარიშზე, ბოლო წუთის მიმდინარეობისას მაზიაშვილმა 2 შეტევა გააცუდა.
ბოლო შეტევა გორელებს დარჩათ და ოვერტაიმი გარდაუვალი ჩანდა, თუმცა მატჩის გმირმა ნიკა დარბაიძემ თავგანწირული გარღვევით საჯარიმო სროლები მოიპოვა. საფინალო სირენამდე 1.7 წამით ადრე ჯეირონ კოულმენი დაჯარიმდა. გამოცდილმა დარბაიძემ პირველი ბურთი ჩააგდო, მეორე კი სავარაუდოდ განზრახ ააცილა, რითაც ამრას შეტევის დრო აღარ დაუტოვა.
ამ ჯგუფის ბოლო მატჩში ივერიონი კსუ-ს დაუპირისპირდება და თუკი კავკასიელები იმარჯვებენ, სამივე გუნდს თითო მოგებ-წაგება დაუგროვდება და პირველადგილოსანს ბურთების შეფარდება გაარკვევს. არადა, ნახევარფინალში გორელები გავლენ.
კალათბურთი ნახევარფინალისტები ბოლო ტურში გამოვლინდებიან