ჩემპიონმა მოუგებელი სერია გორში შეწყვიტა

0
15

ბათუმის „:დინამომ“ კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს შეგირდები 26-ე ტურში გორში ადგილობრივ „დილას“ დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით გაიმარჯვეს.
22-ე წუთზე შოთა შეყილაძემ ბათუმელთა ნახევარზე ლუკა ქაფიანიძეს სისწრაფეში აჯობა და საჯარიმოში შესულმა დაარტყა, მაგრამ როინ კვასხვაძემ ბურთი ხელებში დააფიქსირა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში შეყილაძემ კიდევ ერთი სახიფათო გარღვევა ისევ დარტყმით დაასრულა, თუმცა ამჯერად მცველმა ვარდნაში „დააფარა“.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ცოტა ხანში მარცხენა ფრთიდან გორელი ფეხბურთელის ჩაწოდების შემდეგ, კარის წინ მდგომი ნიდერლანდელი ტაირელ ვაუტერის დარტყმის შემდეგ, კვასხვაძემ ბურთი მოიგერია, მაგრამ „დილას“ შეტევა გაგრძელდა და საჯარიმოს გარედან მალელი აბუბაქარ კონტეს დარტყმული კარს ოდნავ ცდა. ამის შემდეგ, კონტემ ხელიდან ისევ რეალური საგოლე შანსი გაუშვა, როდესაც ნოდარ ლომინაძის კარგი პასის მერე, საჯარიმოში მყოფმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარის მიმართულებით არაზუსტად გაგზაცნა.
გორელთა ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, ანგარიში ბათუმელებმა გახსნეს. 69-ე წუთზე „დილას“ ნახევარზე ჯარიმის შესრულების დროს ალბანელმა ვერდი მარამ ბურთი საჯარიმოში ჩაკიდა და შეცვლაზე შესულმა დავით მუჯირმა თავით გაიტანა – 0;1.
მე-80 წუთზე თანაგუნდელის გადაცემის შემდეგ, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა თავის ნახევარზე ძალიან ცუდად მიირო ბურთი, რომელიც ონორე გომისმა აართვა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ყოფილ გუნდს გაუტანა – 0;2. მან გოლი არ აღნიშნა.
87-ე წუთზე „დილას“ ანგოლელმა მცველმა კალიმ უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს, მანამდე, ის მსაჯმა 76-ე წუთზე გააფრთხილა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე ბათუმელთა საჯარიმოსთან მიახლოებულმა განელმა თავდამსხმელმა დომინიკ ამპონსამ ჩააწოდა და მცველმა ნიკა მალიმ ბურთი თავის კარში ჩაჭრა – 1:2.
მარცხის მიუხედავად „დილამ“ პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს ხელმძღვანელობით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო ბათუმელები 39 ქულით მე-4 პოზიციაზე არიან.
დილა 1:2 დინამო ბთ 
ლაშა თაბაგარი