ვლადიმერ კაკაშვილის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნული ლიგის აუტსაიდერმა „სამტრედიამ“ მეორე მატჩი მოიგო. 26-ე ტურში სამტრედიელებმა „თელავი“ მიიღეს, რომელსაც კვიპროსელი ხარალამბუს ხრისტოდულუ ხელმძღვანელებს.
შეხვედრის 37-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა ფირუზ მაგრაქველიძემ სერბ ფორვარდ დეიან გეროგიევიჩს გაუკეთა პასი, რომელმაც ვარდნაში კარგად ვერ დაარტყა, მაგრამ ბოლომდე იბრძოლა და ბურთი რომელიც ფეხებს შორის ლუკა ელბაქიძეს გაუძვრა, ისევ მაგრაქველიძეს მიუვიდა, რომლის ახლო მანძილიდან დარტყმული ზუსტი აღმოჩნდა – 0;1.
43-ე წუთზე სტუმართა საჯარიმოში გახსნილმა რატი არდაზიშვილმა თანაგუნდელისგან ბურთი მიიღო და პასი კარის გასწვრივ გააკეთა, დავით უბილავამ კი ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 52-ე წუთზე არდაზიშვილმა კუთხურის ჩაწოდების დროს ბურთი პირდაპირ კარში გაგზავნა და ბექას ქურდაძის ძალიან უხეში შეცდომის შემდეგ, სამტრედიელები დაწინაურა – 2:1.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „თელავი“ 24 ქულით 10 გუნდში მე-7 ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ 19 ქულით ბოლოა.
სამტრედია 2:1 თელავი
ლაშა თაბაგარი
