„პერსეპოლისმა“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, ირანის ჩემპიონატის მე-6 ტურში სტუმრად „ესტეღლალს“ მინიმალური ანგარიშით აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „პერსეპოლისმა“ გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე პენალტიდან გაიტანა. მოქმედი ჩემპიონი „პერსეპოლისი“ 11 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ „სეპაჰანს“ 2 ქულით ჩამორჩება.
ესტონეთის ჩემპიონატში თავისი მონაგარი კიდევ უფრო გაზარდა სერგო კუხიანიძემ. 23-ე ტურში „ნარვამ“ სტუმრად „პაიდე“ 3:2 დაამარცხა და ქართველმა თავდამსხმელმა დუბლი შეასრულა. მატჩის მე-6 წუთზე „პაიდეს“ მცველმა თავის ნახევარზე ცუდად დაუბრუნა ბურთი მეკარეს, რომელსაც კუხიანიძე დაეუფლა, წინ გამოსულ გო0ლკიპერს თავს ზემოთ გადაუგდო და საჯარიმოში შესულმა მარცხენა მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნა. 31-ე წუთზე თანაგუნდელის პასის მერე, კუხიანიძე მასპინძლების ნახევარზე მცველს ორთაბრძოლაში აჯობა და მეკარესთან პირისპირ გასულმა გაიტანა. ის 67-ე წუთზე შეცვალეს. კუხინიაძე ესტონეთში სადებიუტო სეზონს ატარებს და 25 მატჩში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა. განვლილ მატჩში „ნარვას“ სასტარტოში ზაქარია ბეგლარიშვილი იყო, რომელიც 86-ე წუთზე შეცვალეს. „ნარვა“ 35 ქულით 10 გუნდში მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი
