ივა გელაშვილი საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა

0
76

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ცენტრალური მცველი, ჩვენი ეროვნული გუნდის წევრობის კანდიდატი ივა გელაშვილი კარიერას თბილისის “იბერია 1999-ში” გააგრძელებს.
გელაშვილი “იბერიაში” ბათუმის “დინამოდან” თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა. აჭარელთა კლუბს კი 2023/24 წლების სეზონში იტალიის სერია B-ს კლუბ “სპეციაში” (10 მატჩი, 1 გოლი) ჰყავდა განათხოვრებული, ხოლო “სპეციამდე” “იბერიას” წინამორბედ “საბურთალოს” ღირსებას იცავდა (15 მატჩი, 1 გოლი).
ივას უთამაშია ბოლნისის “სიონშიც” (10 მატჩი), მანამდე კი ჭაბუკობის წლები პრაღის “სპარტას” ახალგაზრდულ გუნდებში აქვს გატარებული, სადაც 17 და 19-წლამდელებში (30 მატჩი, 4 გოლი) თამაშობდა. რამდენჯერმე მოხვდა ძირითადი გუნდის განაცხადშიც, თუმცა ჩეხეთის მთავარ ლიგაში არ უთამაშია.
რაც შეეხება გელაშვილის სანაკრებო კარიერას, ითამაშა ყველა ასაკობრივ ნაკრებში, მათ შორის, 2023 წელს ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, პლუს ამას, ერთი მატჩი აქვს ჩატარებული ეროვნულ გუნდშიც – ვილი სანიოლმა ტაილანდთან ამხანაგურ მატჩში (8:0) 90 წუთი ათამაშა.
ლევან კორღალიძის გაწვრთნილი “იბერია” კრისტალბეთ ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 42 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ გორის “დილას” 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა შიდაქართლელებთან შედარებით ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. იბერიელები 14 სექტემბერს ჩვენი ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ ბათუმის “დინამოს” უმასპინძლებენ, 18 სექტემბერს კი გამოტოვებულ შეხვედრას ქუთაისში, “ტორპედოსთან” ჩაატარებენ.