საფრანგეთის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის იურიდიულმა კომიტეტმა მადრიდის „რეალის“ ფორვარდ კილიან მბაპეს მხარე დაიჭირა, რომელიც თავის ყოფილ კლუბ პსჟ-ს 55 მილიონ ევროს ედავებოდა.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზულს საფეხბურთო კლუბს საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 55 მილიონ ევროს გადახდა ერთი კვირის განმავლობაში დააკისრა.
11 სექტემბერს ნახსენებმა კომიტეტმა მხარეებს სასამართლოს გარეშე მორიგებისკენ მოუწოდა.
მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 308 მატჩში 256 გოლი გაიტანა და 108 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის პარიზული კლუბის არსებობის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.
მბაპემ პსჟ-სთან ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი 6-ჯერ, საფრანგეთის თასი 4-ჯერ, საფრანგეთის სუპერთასი 3-ჯერ, ხოლო საფრანგეთის ლიგის თასი 2-ჯერ მოიგო.
25 წლის ფეხბურთელი „რეალში“ მიმდინარე წლის ზაფხულში გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე გააფორმა.
ლაშა თაბაგარი
