საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის თქმით, ერთა ლიგის B ლიგის პირველ ჯგუფში მე-2 ტურში სტუმრად ალბანეთთან 1:0 მოგებულ მატჩში, გადამწყვეტი როლი შესვენებაზე ფეხბურთელებთან შემდგარი საუბარი იყო.
ვილი სანიოლი: “ვფიქრობ, დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტი ის საუბარი იყო, რომელიც შესვენებაზე ფეხბურთელებთან შედგა. პირველი ტაიმში ბევრი რამ არ იყო კარგად, მაგრამ კარგი საუბარი გვქონდა მოთამაშეებთან. ვეცადეთ გამოგვესწორებინა შეცდომები და მეორე ტაიმში მეტი აგრესიით ვითამაშეთ. ეს გამარჯვება დავიმსახურეთ.
პირველ ტაიმში მიღებული დარტყმის შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი მატჩი ძლიერი ტკივილით ითამაშა. სურდა, რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყო მოედანზე. ის ძალიან კარგი მოთამაშე და შესანიშნავი გუნდური მოთამაშეა. ეს აჩვენებს გუნდში არსებული ატმოსფეროს. ბოლო 15-20 წუთში მეტი მოძრაობა გვჭირდებოდა. ამიტომ, თამაშში ზურიკო დავითაშვილი ჩაერთო და ეს ძალიან კარგად გააკეთა.
B ლიგაში ყველა თამაში რთულია. ოქტომბრის მატჩებამდე ოთხი კვირაა, ფეხბურთელები კლუბში ბრუნდებიან და მსურს, რომ მომდევნო თამაშებს ტრავმების გარეშე შევხვდეთ. თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ოქტომბერში იგივე მიდგომა და გარემო გვქონდეს გუნდში. მხოლოდ ასე შევძლებთ წარმატებული თამაშის გაგრძელებს.
ქართველმა ფეხბურთელებმა ბევრი რამ ისწავლეს ევროპის ჩემპიონატზე. დღევანდელი შეხვედრა ჩეხეთთან მატჩთან შედარებით ბევრად რთული იყო. პირველი ტაიმი კარგი არ ყოფილა, თუმცა სწორედ ასეთი თამაშები გვასწავლის, თუ რა გვაქვს გამოსასწორებელი”.
საქართველოს ნაკრები 6 ქულით ჯგუფში ლიდერი. სანიოლის გაწვრთნილები ერთა ლიგაში მომდევნო მატჩს სტუმრად 11 სექტემბერს პოზნანში უკრაინასთან ჩაატარებს, ხოლო 14 ოქტომბერს თბილისში ალბანეთს უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი





