თასის ფინალში ბათუმის „დინამო“ „გაგრას“ შეხვდება

0
0

ბათუმის „დინამო“ არსებობის ისტორიაში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში მეშვიდედ გავიდა. გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილმა გუნდმა 1/2-ფინალში საკუთარ კედლებში გორის „დილა“ ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა.
მატჩის მე-9 წუთზე ისრაელელმა ავიელ ზარგარიმ შორი მანძილიდან ძლიერად დაარტყა და მეკარემ ნოდარ ყალიჩავამ ბურთი კუთხურზე მოიგერია. 21-ე წუთზე ბათუმელებმა მარცხენა ფლანგიდან შეუტიეს და ბრაზილიელმა პაულო ვიტორმა სტუმართა საჯარიმოში თანამემამულე მაურიდესი მოძებნა, რომლის სახიფათო თავურის მერე, ბურთი კარს მცირე მანძილით აცდა.
30-ე წუთზე გორელთა კარგი კომბინაცია შოთა შეყილაძემ დაახლოებით 20 მეტრიდან ეფექტური გოლით დაასრულა – 0:1. 37-ე წუთზე პაულო ვიტორმა 22-23 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.
49-ე წუთზე ბათუმელთა ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ გორელთა მცველის მოგერიებული ბურთი სანდრო ალთუნაშვილმა ცუდად დაარტყა, მაგრამ პასი საჯარიმოში მდგომი ლუქსემბურგელი მცველის დირკ კარლსონის მისამართით გამოუვიდა, რომელმაც ქუსლით ლამაზი გოლი შეაგდო – 1:1.
ანგარიშის გათანაბრებიდან ცოტა ხანში, მარჯვენა ფლანგიდან ბულგარელმა ივან ტურიცოვმა ჩააწოდა და მაურიდესის თავიდ დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 57-ე წუთზე სტუმართა ნახევარზე გადასულმა ლუკა ლაკვეხელიანმა მარცხნიდან „დილას“ საჯარიმოში პასი მაურიდესს გაუკეთა, რომელმაც თავით „დინამო“ წინ გაიყვანა – 2:1.
64-ე წუთზე ალბანელი უერდი მარამ „დილას“ ფეხბურთელს ბურთი ფეხებს შორის გაუტარა და დაარტყა – სტუმრები გოლის გაშვებას გვერდითმა ძელმა „გდაარჩინა“.  83-ე წუთზე ალთუნაშვილმა „დილას“ საჯარიმოში ალბანელი უერდი მარა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით პასი ნიდერლანდელ იმრანს მისცა, რომელმაც თავით შეაგდო – 3:1.
ბათუმის „დინამო“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართ ფინალში „გაგრას“ შეხვდება. ბათუმელებმა მანამდე ჩატარებული 6 ფინალიდან ერთი მოიგეს – 1998 წელს. შავიზღვისპერელები 4-ჯერ თბილისის „დინამოსთან“ დამარცხდნენ, ხოლო ერთხელ „იბერიასთან“, რომელსაც მაშინ „საბურთალო“ ერქვა.
ჭიაბრიშვილმა თასის ფინალში მესამე გუნდი გაიყვანა. მისი ხელმძღვანელობით 2012 წელს „ზესტაფონი“ გორის „დილასთან“ 1:4 დამარცხდა, ხოლო 2019 წელს „იბერიამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ 1:0 აჯობა.
ლაშა თაბაგარი