რამაზ სვანაძე: “ჩემი ფეხბურთელების მჯერა”

0
19

საქართველოს 21 წლამდე ეფხბურთელთა მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ბათუმში მოლდოველ თანატოლებთან გასამართ მატჩამდე განაცხადა, რომ თავისი ფეხბურთელების სჯერა.
რამაზ სვანაძე: “ძალიან საინტერესო 4-მატჩიანი მიკროციკლი გველოდება. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, რადგან შედეგისა და წინსვლისთვის მენტალური მზადყოფნა აუცილებლად დაგვჭირდება.
პირველი თამაში გვაქვს მოლდოვასთან, რომელსაც სერიოზულად ვაფასებთ და ვეკიდებით, რადგან ამ გუნდმა ბოლო პერიოდში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა. მოსამზადებლად არც ისე დიდი დრო გვქონდა, მაგრამ ამ მოკლე პერიოდის მაქსიმალურად კარგად გამოყენებას ვეცადეთ.
მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, რადგან დიდი ხანია, ერთად მოვდივართ და დიდი ხანია, წარმატებული პერიოდი გვაქვს. მაგრამ მხოლოდ ხვალინდელ დღეზე და თამაშზე ვფიქრობთ. ამიტომ ხვალინდელ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, მზად ვართ, მაგრამ ყველაფერი მხოლოდ მოედანზე გამოჩნდება.
ბათუმში თამაშით ბედნიერები ვართ, ამ ულამაზეს ქალაქში ჩამოსვლა გვიხარია და ვთხოვ გულშემატკივრებს, მოვიდნენ მოლდოვასთან მატჩზე, მხარი დაგვიჭირონ, რადგან სხვაგვარი გუნდი ვართ ცარიელი ტრიბუნების წინ და სულ სხვაგვარი, როდესაც მხარს ჩვენი მაგარი გულშემატკივარი გვიჭერს“.
დღეს მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ბათუმის შემდეგ რამაზ სვანაძის გუნდი ვენლოში გაემგზავრება, სადაც ჯგუფის ლიდერ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებს ექვსი ტურის შემდეგ ჯგუფში 13 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა. 10 ქულით შვედეთი მესამეა, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 21 ქულა აქვს.
ლაშა თაბაგარი