საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ახალი სეზონის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. 5 სექტემბერს, ვილი სანიოლის გუნდმა საგურამოს საწვრთნელ ბაზაზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა.
მოახლოებული შეხვედრის და ერთა ლიგის შესახებ კომენტარი საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:
“ჩეხეთის ნაკრები ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია. სახიფათოები არიან სტანდარტული მდგომარეობების დროს. ასეთი სტილის გუნდს ფიზიკური წინააღმდეგობა აუცილებლად უნდა გაუწიო. ვფიქრობ, ეს თამაში დიდ ენერგიას წაიღებს.
რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა უკეთესი გუნდი გავხდით, თუმცა იოლი გასეირნება ამ ჯგუფში არ გვექნება. უნდა ვიფიქროთ ჯგუფის მოგებაზე, მაგრამ ოთხივე გუნდი ძალიან თანაბარია. ყველა მეტოქესთან 100 პროცენტი უნდა გავიღოთ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად”.
სექტემბრის სანაკრებო პაუზის ფარგლებში საქართველოს ეროვნული გუნდი ერთა ლიგის ორ მატჩს გამართავს. 7 სექტემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრები ჩეხეთს უმასპინძლებს. 10 სექტემბერს, ტირანაში, ჩვენი გუნდის მეტოქე ალბანეთის ეროვნული ნაკრები იქნება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი);
მცველები: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), ირაკლი აზაროვი (შახტარი, უკრაინა), ლუკა გადრანი (კაირათი, ყაზახეთი), საბა გოგლიჩიძე (ემპოლი, იტალია), ჯიმი ტაბიძე (დინამო მახაჩყალა, რუსეთი);
ნახევარმცველები/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), გიორგი წიტაიშვილი (გრანადა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (ლიონის ოლიმპიკი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი).
