ბრატისლავას „სლოვანი“, რომლის ღირსებას გურამ კაშია იცავს სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში მოულოდნელად შინ „ჟილინასთან“ 0:5 განადგურდა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა. „სლოვანმა“ ერთი გოლი პირველ ტაიმში გაუშვა, ხოლო შესვენების შემდეგ თავის კარში კიდევ ოთხი ბურთი მიიღო. წაგების მოუხედავად მოქმედი ჩემპიოი ბრატისლაველები 12 ქულით 12-გუნდია ჩემპიონატში მაინც პირველ ადგილზეა. შეგახსენებთ, უფროსი ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით „სლოვანი“ არსებობის მანძილზე პირველად ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ითამაშებს.
„ატლანტა იუნაიტედმა“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის MLS-ის მორიგ ტურში სამი ქულა სტუმრად აიღო. ატლანტელები სტუმრად „სარლოტს“ დაუპირისპირდნენ და 55-ე წუთზე ფორტუნის მიერ გატანილი ერთადერთი გოლით გაიმარჯვეს. ჩვენი ეროვნული გუნდის გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა. მიმდინარე სეზონში ლობჟანიძემ MLS-ში 23-ჯერ ითამაშა და 6 გოლი გაიტანა, პლუს ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. „ატლანტა იუნაიტედი“ 31 ქულით 15-გუნდიან აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას 2 ადგილით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი





