„იბერიამ“ ლიდერს სტუმრად აჯობა – “დილას” 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა

0
17

ოთარ კორღალიძის გაწვრთნილმა თბილისის „იბერია“ 22-ე ტურში შინ თბილისის „დინამოს“ 3:0 დამარცხების შემდეგ, 23-ე ტურში სტუმრად გათამაშების ლიდერ გორის „დილას“ აჯობა.  კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გორელების 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. “იბერიასთან” დაპირისპირებამდე ბოლოს “დილამ” 16 მარტს ქუთაისის “ტორპედოსთან” (0:1) წააგო.
მატჩის მე-18 წუთზე შეიკნე სილასგან ბურთი იური ტაბატაძეს მიუვიდა, რომელიც გორელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა და ზუსტი პასი გაუკეთა კარის წინ გახსნილ გიორგი კოხრეიძეს, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1.
28-ე წუთზე ტაბატაძემ მეტოქის ნახევარზე სილასთან „კედელი“ გაითამაშა და მარჯვენა ფრთიდან „დილას“ საჯარიმოში გიზო მამაგეიშვილი მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გაიტანა. 30-ე წუთზე კოხრეიძემ დაახლოებით 22 მეტრიდან დაარტყა და  თავის ანგარიშზე ეფექტური გოლი ჩაიწერა  – 0:3. ამის შემდეგ, დაპირისპირების ბედი ფაქტობრივად გადაწყდა.
პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-7 წუთზე მთავარმა მსაჯმა გოგა კიკაჩეიშვილმა მიიჩნია, რომ ბაქარ ქარდავამა თავის საჯარიმოში ოთარ ფარულავა წააქცია და პენალტი დანიშნა. თუმცა, ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ, მან პენალტი გააუქმა.
51-ე წუთზე ოთარ მამაგეიშვილი, რომელმაც პირველ ტაიმში ყვითელი ბარათი მიიღო, უხეშობისთვის მსაჯმა მეორედ გააფრთხილა და მოედნიდან გააძევა. პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუს გაწვრთნილებმა დარჩენილ დროში რიცხობრივი უპირატესობა ვერ გამოიყენეს და მხოლოდ ანგარიშის შემცირება მოახერხეს, ისიც ცოტნე კაპანაძემ ჩაჭრა ბურთი თავის კარში.
„დილა“ 47 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო „იბერიამ“ მეორე პოზიციაზე გადაინაცვლა.
დილა 1:3 იბერია 1999 
ლაშა თაბაგარი