35 წლის შემდეგ – ისტორია წარმატებით გრძელდება…

0
7

საქართველოს საზღვაო კარიბჭე ფოთს წყალსათხილამურო სპორტთან განსაკუთრებული ისტორიული კავშირი აქვს: 1991 წელს სწორედ აქ გაიმართა საქართველოში პირველი ევროპის ჩემპიონატი სპორტის ამ სახეობაში და წელს ამ ისტორიული მოვლენის საიუბილეო –  35-ე წელი აღინიშნება.
და აი, 2026 წლის 24-26 ივლისს ქალაქ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე ოქროს ტბის წყალსათხილამურო ბაზაზე, წყალსათხილამურო სპორტის ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდა. შეჯიბრება საქართველოს სპორტის სამინისტროსა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა, ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაცია და ფოთის ტბის კლუბი. ღონისძიება საერთაშორისო ფედერაციის (IWWF) პატრონაჟით მიმდინარეობდა.
სამი დღის განმავლობაში მაღალ დონეზე ორგანიზებულ ტურნირზე 20 ქვეყნის 120-ამდე სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა და საინტერესო ასპარეზობა ვერც ტურნირის ბოლო დღეს უამინდობამ შეაფერხა. საქართველოს ღირსებას სამი ფოთელი სპორტსმენი – გენადი გურალია, ცოტნე ბერაია და გიორგი შონია – იცავდა.
26 ივლისს, ტურნირის დასკვნით დღეს ფინალური ასპარეზობები სლალომსა და ფიგურებში გაიმართა.
2026 წლის IWWF ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის გამარჯვებულები შემდეგი სპორტსმენები გახდნენ:
ქალებს შორის სლალომში ოქროს მედალი ესპანელმა სანდრა ბოტასიმ მოიპოვა, ფიგურულზე უკრაინელმა მარია პოპოვამ იმარჯვა, ტრამპლინიდან ხტომაში კი ბელარუსმა ირინა ტურეციმ.
რაც შეეხება კაცთა შორის, სლალომში პირველობა ფრანგმა საშა დესკუნსიმ არავის დაუთმო, ფიგურებზე ოქროს მედალი მისმა თანამემამულე აქსელ გარსიამ მოიპოვა, ტრამპლინიდან ხტომაზე კი საუკეთესო ავსტრიელი ლუკა რაუხენვალდი გახლდათ.


დაჯილდოების ცერემონიას Poti Pro-ისა და 2026 წლის IWWF ევროპისა და აფრიკის ღია წყალსათხილამურო ჩემპიონატის აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ გიორგაძე და Water Ski Broadcasting Company-ის კომენტატორი ტონი ლაითფუტი უძღვებოდნენ.
სპორტსმენები მედლებით დააჯილდოვეს ევროპის კონფედერაციის პრეზიდენტმა პატრის მარტენმა, საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა რატი მელიამ, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარმა დელეგატმა გიორგი ხახუბიამ, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ და ჩემპიონატის მთავარმა მსაჯმა ელენა კუნერტმა.
ჩემპიონატის სპონსორმა არდის დაზღვევამ და პარტნიორმა კომპანია ტრანსპორტერმა საქართველოს ნაკრების წყალმოთხილამურეებს სპეციალური პრიზები გადასცეს.
ჩემპიონატის საზეიმო დახურვა საქართველოს ეროვნული ბალეტის – „სუხიშვილების“ ტრადიციულად შთამბეჭდავი კონცერტით აღინიშნა.

გოჩა კაჭარავა