ვილი სანიოლი: “ერთა ლიგას ძალიან სერიოზულად ვუდგებით”

0
62

საქარრთველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვილი სანიოლის თქმით, მართალია ფეხბურთის ფედერაციას მისთვის ერთა ლიგია B ლიგის გათამაშებაში კონკრეტული მიზანი არ დაუსახავს, მაგრამ მომავალ ტურნირს ძალიან სერიოზულად უდგება. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაამრთულ პრესკონფერენციაზე გაანცხადა.
ვილი სანიოლი: “მომავლის შესახებ რამის თქმა რთულია. მოგეხსენებათ, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპი მომავალ წელს იწყება. ჯერ ერთა ლიგას ვითამაშებთ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია. მთელ ქვეყანას, ფედერაციას, ფეხბურთელებს, მწვრთნელებს – ყველას სურს, რომ განმეორდეს, რაც ზაფხულში გამოვცადეთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია.
რაც შეეხება ემოციებს – თავიდან ჩემთვის ეს ახალი გამოცდილება იყო. ვფიქრობ, წარსულში გარკვეული შეცდომებიც დავუშვი, თუმცა მარტიდან მოყოლებული მოთამაშეებმა აჩვენეს, რომ შეუძლიათ ემოციების დაბალანსება და ამ ემოციების მათთვის სასარგებლოდ გამოყენება ისწავლეს. ყველა სათამაშო ციკლი ახალი პროექტია. ეს ახალი მიზანია. მოთამაშეები ევროპის ჩემპიონატის შემდეგ არ მინახავს. როცა შევხვდები ვეტყვი, რომ ახლა ის დროა, ეს სიხარული და ემოციები დავივიწყოთ და ახალ მიზნებზე ვკონცენტრირდეთ.
რამდენად ქართველად ვგრძნობ თავს? ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის. მთავარია, რამდენად კარგად ვგრძნობ თავს. ჩემი ოჯახის წევრები იყვნენ ჩამოსულები და მითხრეს, რომ ზუსტად ხვდებიან, რატომ ვგრძნობ საქართველოში თავს იდეალურად. მე კარგ ხალხთან მიწევს თანამშრომლობა და საქართველოში ყოველთვის ბედნიერი ვიქნები.
სხვადასხვა მიზეზის გამო რამდენიმე ფეხბურთელი გამოგვაკლდა – კვირკველია და კვეკვესკირი უგუნდოდ არიან, საზონოვს და შენგელიას დიდი ხანია არ უთამაშიათ, თუმცა ამით ახალ ფეხბურთელებს ეძლევათ შანსი. ახალი ციკლი ახალი პროექტია. გადრანი სტაბილურად თამაშობს ყაზახეთში. ჩვენ ევროზე ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია სათამაშო პრაქტიკა.
რაც შეეხება ნონიკაშვილს – ის ახალგაზრდულ ნაკრებში კარგად გამოდიოდა, უკრაინაში ახლა ახალი გამოწვევა ელის, თუმცა მე მჯერა, რომ კარგად ადაპტირდება გუნდში. ნაკრებში რომ გამოვიძახეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ამას ნამდვილად იმსახურებს.
ჩემი აზრით, ჩვენთვის ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფში ჩეხეთთან თამაში ყველაზე რთული იყო. ვფიქრობ, რომ ახლაც იგივე გველის და ამისთვის ფეხბურთელები მზად უნდა იყვნენ. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც აზაროვი დაბრუნდა, არის ის, რომ შენგელია გამოგვაკლდა. მიხარია, რომ ირაკლი დაბრუნდა და მას ექნება შანსი, დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები. ჩვენთან ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა. ეს ის ფაქტორია, რაც გეხმარება განვითარებაში. ამას ყველა მწვრთნელი ნატრობს. ყველა ფეხბურთელისთვის გადამწყვეტი იქნება არა საუბარი, არამედ მოედანზე გაკეთებული საქმე.
მოკლედ ვიტყვი – გიორგის ტრანსფერი ძალიან მიხარია. ჩემი აზრით, ლივერპული მსოფლიოს 10 საუკეთესო კლუბში შედის. მის დასამატებლად ბევრი კარგი კლუბი იბრძოდა, თუმცა ლივერპული საუკეთესო ვარიანტია. მამარდაშვილს ძალიან ხანგრძლივ, წარმატებულ კარიერას ვუსურვებ.
მესმის, ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ რუსეთში გადასვლა ამ ეტაპზე ფეხბურთელისთვის ოპტიმალური ვარიანტი არ არის. მასთან ამაზე არ მისაუბრია, მომავალ დღეებში გავარკვევ მის მოტივაციას და გეგმებს. როგორც ვთქვი, რამდენიმე მოთამაშე გამოგვაკლდა. ზოგი უკლუბოდაა, ზოგი ტრავმირებულია, ზოგი ცუდ ფორმაშია, კერძოდ კალანდაძე. ჩვენ ამ მომენტისთვის უკეთესი ვარიანტი არ გვაქვს. ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, მთავარია ოპტიმალური ვარიანტები შევარჩიო.
ჩვენ, მოგეხსენებათ, ვემზადებით მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის. კარგი და ცუდი შედეგის აღქმა შეიძლება ჩემთვის სხვა იყოს და თქვენთვის სხვა, თუმცა გამარჯვება, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანია. ერთა ლიგას ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით, ამბიციური გეგმებიც გვაქვს. მინდა გვახსოვდეს, რომ რამდენიმე წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში იყო, ახლა B ლიგაში ვართ და ძლიერ გუნდებს ვეთამაშებით, მაგრამ ვაჩვენეთ, რომ ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში შეგვიძლია.
ფედერაციის მხრიდან კონკრეტული დავალება და მიზანი არ მაქვს. ფეხბურთში რაც უფრო წარმატებით ასპარეზობ, ოფიციალურ თამაშებში ეს რეიტინგში წინ გწევს და შემდეგ უკვე საკვალიფიკაციო ეტაპებზე კალათასაც იცვლი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
კაშიასთან სანაკრებო კარიერის დასრულებაზე არასდროს მისაუბრია. არც მიფიქრა, რომ ნაკრებში აღარ ითამაშებდა. ჩემთვის ცხადი იყო, რომ დარჩებოდა და კვლავ ჩვენი კაპიტანი იქნებოდა. რა თქმა უნდა, მის ასაკში დროა, რომ მომავალზეც იფიქრო, თუმცა ის კარგ ფორმაშია, კარგ გუნდში თამაშობს. ის ღვინოსავითაა – რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგი ხდება”.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგაში პირველ მატჩს 7 სექტემბერს “მიხეილ მესხზე” ჩაატარებს, ხოლო 10 სექტემბერს ალბანეთს ესტუმრება.
ლაშა თაბაგარი