ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში საქართველოს ნაკრების კაპიტნის გურამ კაშიას ბრატისლავას „სლოვანი“ დანიაში “მიდტიულანდს” ესტუმრა და შეხვედრა სასურველი შედეგით 1:1 დაასრულა.
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის ვლადიმირ ვაისის შეგირდები 59-ე წუთზე უკანახაზელმა სესარ ბლექმენმა დააწინაურა, მასპინძლებმა კი წონასწორობა 79-ეზე აღადგინეს.
გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა და თავის გუნდში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. აღსანიშნავია, რომ საგოლე შეტევაც სწორედ ქართველმა ცენტრალურმა მცველმა წამოიწყო. „სლოვანი“ ერთადერთი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე დაიწყო გამოსვლა და პრესტიჟულ ტურნირს პლეი ოფამდე შემორჩა.
საპასუხო შეხვედრა ბრატისლავაში 28 აგვისტოს ჩატარდება.
