„რეალმა“ სეზონი ტიტულით დაიწყო

0
22

მადრიდის „რეალმა“ ახალი სეზონი ტიტულის მოპოვებით დაიწყო. ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ვარშავაში ევროპის სუპერთასის მოსაპოვებლად ევროპა ლიგის თასის მფლობელ ბერგამოს „ატალანტას“ შეხვდა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა.
პირველი ტაიმის შუაწელში მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესული დე რონის დარტყმული ბურთი ედერ მილიტაოს თავიდან მადრიდელთა კარის ზედა ძელს მოხვდა. 45-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა კარგი პასით იტალიელთა საჯარიმოში როდრიგო მოძებნა, რომლის დარტყმის შემდეგ ხარიხამ ბურთი მოიგერია.
59-ე წუთზე „ატალანტას“ საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილი ვინისიუს ჟუნიორუ ჯიმსიტის გაცდა და ზუსტი გადაცემა გაუკეთა თითქმის კარის ხაზზე მდგომ ვალვერდეს, რომელმაც ანგარიში გახსნა – 1:0.
68-ე წუთზე ჯუდ ბელნგიმი ბერგამოელთა საჯარიმოში ერთ მცველს გაექცა და კილიან მბაპე მოძებნა, რომელმაც თავისი სადებიუტო მატჩი გოლით აღნიშნა – 2:0. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ბელინგემი დაასახელეს.
„რეალმა“ არსებობის ისტორიაში სუპერთასი მეექვსედ მოიგო. მადრიდელებმა ამ მაჩვენებლით „ბარსელონას“ და „მილანს“ გაასწრეს.
კარლო ანჩელოტიმ მწვრთნელის რანგში სუპერთასი მეექვსედ მოიპოვა. „რეალის“ თავკაცმა „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელ პეპ გვარდიოლას გაასწრო, რომლის ანგარიშზე 5 სუპერთასია. ანჩელოტიმ 30-ე ტიტული მოიპოვა, ხოლო „რეალში“ – მე-14. ის მადრიდულ კლუბში აღებული ჯილდოების რაოდენობით ლეგენდარულ ესპანელ სპეციალისტს მიგელ მუნიოსს გაუთანაბრდა.
ხორვატმა ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა „რეალის“ მაისურით  27 ჯილდო მოიპოვა. მან ნაჩოს (26 ტიტული), მარსელოსა (25) და ქარიმ ბენზემას (25) აჯობა. მბაპემ თავისი კარიერაში საკლუბო დონეზე პირველი ევროთასი მოიპოვა.
„რეალმა“ 2024 წელს ესპანეთის ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის სუპერთასი და ევროპის სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი