კარლო ანჩელოტის მიაჩნია, რომ კილიან მბაპეს ბევრი გოლის გასატანად ყველა აუცილებელი თვისება აქვს. მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა ამის შესახებ ვარშავაში გამართული სუპერთასის მატჩში ბერგამოს „ატალანტასთან“ 2:0 გამარჯვების შემდეგ გაანცხადა. განვლილ შეხვედრაში მბაპემ თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა.
„ჩემთვის პატივი და პრივილეგიაა ასეთი საღამოები გადავიტანო, ვინერვიულო, ვიბრძოლო და გავიმარჯვო. პირველ ტაიმში ჩვენთვის თამაში რთული იყო, რადგან „ატალანტა“ პრესინგს გვეთამაშებოდა და თავს კარგად იცავდა.
მეორე ტაიმში თამაში ცოტა გაიხნა, მეტოქე დაიღალა და უფრო მეტი თავისუფალი სივრცე გაგვიჩნდა. პირველ ტაიმში „ატალანტა“ უფრო მეტ ორთაბრძოლას იგებდა, ხოლო ჩვენ უფრო მეტი პრობლემა გვქონდა.
თავისუფალი ზონები როდესაც იქმნება როდრიგო, ვინისიუსი და მბაპე ძალიან სახიფათო არიან. კილიანს ბევრი გოლის გასატანად აუცილებელი ოსტატობა აქვს. ჩვენ ბალანსის მოძებნა გვჭირდება, რაც დღეს მოვახერხეთ. გუნდმა დაცვაში საუცხოოდ იმუშავა.
ფეხბურთელები, რომლებიც შვებულებიდან ერთი კვირის წინ დაბრუნდნენ, კარგ სათამაშო ფორმაში არიან და ამისთვის მათ მადლობა მინდა ვუთხრა. ვერ ვიტყვი, რომ 100 პროცენტის მისაღწევად რაღაც არ გვყოფნის. ჩვენ უნდა ვიმუშავოთ და ყოველ მატჩში ვიბრძოლოთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ესპანური მედია.
ლაშა თაბაგარი
