საფრანგეთის ეროვნული გუნდი დიდიე დეშამის მეთაურობით ბოლო სამ ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში მეორედ გავიდნენ. ჰამბურგში გამართულ 1/4-ფინალში ფრანგები როვერტ მარტინესის გაწვრთნილს პორტუგალიას შეხვდნენ და პენალტების სერიაში აჯობეს.
მატჩის აფიშა კი ძალიან დამაინტრიგებელი იყო, მაგრამ სანახაობა ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც გულშემატკივრები ვარსკვლავებით დახუნძლული ამ ორი გუნდისგან ელოდნენ. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ არც ძირითად და არც დამატებით დროში გოლი არ გასულა. საფრანგეთმა პენალტების სერია 5:4 მოიგო – პორტუგალიელებიდან თავისი შანსი ჟოაო ფელიქსმა ვერ გამოიყენა, რომლის დარტყმული ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ფრანგებიდან გადამწყვეტი პენალტი ტეო ერნმანდესმა შეასრულა.
კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიელებს ბოლომდე უკაპიტნა, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ განვლილ მატჩში ფაქტობრივად არაფერი გაუკეთებია. ერთადერთი თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ოთხ ევროპის ჩემპიონატზე პენალტების სერიაში თავისი შანსი გამოიყენა. რონალდუმ სარეკორდო მეექვსე ევრო ჩაატარა და გოლი პირველად ვერ გაიტანა. მან ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე მეტი 30 მატჩი გამართა და 14 გოლით ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
9 ივლისს მიუნხენში საფრანგეთის ნაკრები ესპანეთს ეთამაშება. მომავალი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.
ლაშა თაბაგარი
