საქართველოს ეროვნული ნაკრები რიგაში ჩავიდა, სადაც 2-დან 7 ივლისის ჩათვლით ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. 6 ქვეყნის ნაკრები – ლატვია, საქართველო, ფილიპინები, ბრაზილია, მონტენეგრო, კამერუნი – ოლიმპიადის 1 საგზურისთვის იბრძოლებს.
აღნიშნული ტურნირისთვის მზადება საქართველოს ნაკრებმა 1 ივნისიდან თბილისში დაიწყო, იტალიაში გააგრძელა და ლატვიაში დაასრულა. მზადების ბოლო ეტაპი ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილმა გუნდმა ლატვიაში, რიგიდან 30 კილომეტრით დაშორებულ იურმალაში გაიარა, სადაც 2 ვარჯიში და 2 სპარინგ-მატჩი გამართა. ჩვენი ნაკრები კამერუნთან 1 ქულით დამარცხდა, ხოლო ეგვიპტეს 32 ქულით სძლია.
1 ივლისს საქართველოს ნაკრებს 1 ვარჯიში ექნება, რომელიც 18:00 დაიწყება და 19:50-ამდე გასტანს. ვარჯიშის დასკვნითი 5 წუთი მედიის წარმომადგენლებისთვის ღია იქნება.
ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველო 2 მატჩს გამართავს – 2 ივლისს ლატვიას ვეთამაშებით, ხოლო 4-ში ფილიპინებს.
A ჯგუფიდან 2 საუკეთესო გადის (ლატვია, საქართველო, ფილიპინები) და 1/2 ფინალში B ჯგუფის წარმომადგენელს ხვდება (მონტენეგრო, ბრაზილია, კამერუნი).
თუ საქართველო ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ნახევარფინალში B ჯგუფის მეორე ადგილოსანს ვხვდებით.
თუ საქართველო ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, ნახევარფინალში B ჯგუფის გამარჯვებულს დავუპირისპირდებით.
პარიზის ოლიმპიადის საგზურს მხოლოდ ტურნირის გამარჯვებული მიიღებს (ფინალი 7 ივლისს გაიმართება).
საქართველოს ნაკრების სერბმა მთავარმა მწვრთნელმა ალეკსანდარ ჯიკიჩმა ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის 12 კაციანი შემადგენლობა დაასახელა: რატი ანდრონიკაშვილი, სანდრო მამუკელაშვილი, კახა ჯინჭარაძე, დუდა სანაძე, გიორგი კორსანტია, ალექსანდრე ფევაძე, თორნიკე შენგელია, ლუკა მაზიაშვილი, ჯო ტომასონი, გიორგი ოჩხიკიძე, ილია ლონდარიძე, გოგა ბითაძე.
