გიორგი ქოჩორაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრებმა წინსვლა უნდა გააგრძელოს, რადგან მას მომავალი თაობა უყურებს. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის 1/8-ფინალში კიოლნში ესპანეთთან 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
გიორგი ქოჩორაშვილი: “ვეცადეთ, რომ მეორე ტაიმშიც გვებრძოლა, მაგრამ ძალიან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩვენ წინსვლა და გაძლიერება უნდა გავაგრძელოთ, სხვა არაფერი გვაქვს დარჩენილი, რადგან ჩვენი მომავალი თაობა გვიყურებს. როდესაც ნაკრებში მოვდივარ, ყოველთვის დიდი სიხარული მაქვს, იმიტომ, რომ ჩემი ოჯახია, შემიძლია ვიხუმრო, შემიძლია ვითამაშო, ყველაფერი გავაკეთო. შემდეგ შეკრებას ძალიან დიდი მოლოდინით ველოდებით, რათა უფრო გაძლიერებული დავბრუნდეთ, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად, რომ უფრო მეტი წარმატება მოვუტანოთ საქართველოს”.
ზურიკო დავითაშვილი: “შეხვედრა რთული გამოვიდა, დასანანია წაგება, მაგრამ ესპანეთი ძალიან მაგარი ნაკრებია. ჩემი აზრით, მთავარი ფავორიტია. პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გავიდა, მაგრამ ფეხბურთია, ხანდახან შეცდომები იპარება. ვამაყობ, ჩემი გუნდით, ჩემი ქვეყნით, გულშემატკივრებით. ეს ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის ძალიან კარგი გამოდგა, ყველა გახარებულია, მთელი საქართველო. ეს გამოცდილებაა ჩვენთვის და ალბათ, მომავალში უფრო გამოცდილება გვექნება და უფრო გავახარებთ ქართველებს“.
გიორგი წიტაიშვილი: “ესპანეთი ამ ჩემპიონატის ფავორიტად მიმაჩნია და მგონი, ყველა ასე ფიქრობს. ასეთი მატჩებით უკეთესი ხდები. საქართველოს შეუძლია ბრძოლა და მსგავს გუნდებთან თამაში, მაგრამ ესპანეთის დონე ძალიან განსხვავებულია. ჩვენ უფრო გავძლიერდებით და მინდა, მომდევნო წლებში კიდევ შევხვდეთ და ვანახოთ, რომ უკეთესები ვართ, ვიდრე დღეს“.
ლაშა თაბაგარი
