გურამ კაშია ამაყობს, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანია, რადგან ზღაპრის ერთ-ერთი მონაწილე იყო. მან ამის შესახებ ევრო 2024-ის 1/8-ფინალში კიოლნში ესპანეთთან 1:4 წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა.
გურამ კაშია: “ძალიან მეამაყება, რომ ასეთი ბიჭების გვერდით ვთამაშობ. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ჩემპიონატი ჩავატარეთ, განსაკუთრებით ჯგუფური ეტაპი. ჩვენთვის და ქართველი ხალხისთვის ძალიან კარგი თავგადასავალი გამოვიდა. ქვეყანაში ძალიან მაგარი საფეხბურთო ენერგიაა და მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ქართველს ვხედავ.
პირველ ტაიმში ძალიან კარგად გავართვით თავი ჩვენს სათამაშო გეგმას. მეორე ტაიმში სამწუხაროდ, კიტეიშვილის ტრავმის შემდეგ თამაშის ხარისხი საერთოდ შეიცვალა. კიტე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და დაგვაკლდა. ესპანეთს ისეთი კლასის ფეხბურთელები ჰყავს, რომ ვგრძნობდით ჩვენზე უკეთ თამაშობდნენ. ვიცოდი, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან ესპანეთი ალბათ ჩემს კარიერაში ყველაზე რთული მეტოქეა.
ევროპის ჩემპიონატზე პირველად გავედით და ჩვენთვის საოცარი თავგადასავალი იყო. ძალიან ვამაყობთ, რაც გავაკეთეთ და დიახ, დღევანდელი თამაშითაც. ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, მაგრამ მეორე ნახევარი განსვავებული აღმოჩნდა და სამწუხაროდ დავმარცხდით. გულშემატკივარი განიცდიდა და ჩვენ ამას ვხედავთ. ნამდვილად გვიხარია, თუ როგორ წარმოვადგინეთ ჩვენი ქვეყანა. ამ გუნდით ძალიან ვამაყობ.
ძალიან ვამაყობ, რომ ამ ბიჭების კაპიტანი ვარ. ძალიან იღბლიანი ვარ, რომ ასეთ ფეხბურთელებთან მიწევს თამაში. თითქმის შეუძლებელი შევძელით. ძალიან გახარებული ვარ, რომ მართლა ზღაპრის ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი.
ჩემი მომავალი ნაკრებში? ალბათ დრო დამჭირდება, რომ ყველაფერი გადავხარშო და დავალაგო ჩემს გონებაში. დაცლილელები ვართ ემოციებისგან. ეს ყველაფერი დიდი ემოცია იყო. ჯერ კიდევ არის დრო, რომ მოვიფიქრო, დაველაპარაკები ფედერაციის ხელმძღვანელობას. თავს ფიზიკურად კარგად ვგრძნობ, ბავშვივით მიხარია თამაში, გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ”.
ლაშა თაბაგარი
