გიორგი მამარდაშვილის აზრით ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ესპანეთთან მარცხი დასასრული არაა და საქართველოს ნაკრები უფრო ძლიერი დაბრუნდება.
გიორგი მამარდაშვილი: „მართლაც ამაყები უნდა ვიყოთ, იმიტომ, რომ საქართველოს ვაჩუქეთ ასეთი ტურნირი. ცოტა ხნის წინ ვერც წარმოვიდგენდით, რომ მერვედფინალში გავიდოდით. ესპანეთი ჩემი აზრით ამ ტურნირს მოიგებს და სამწუხაროა, რომ თამაში მათ წინააღმდეგ მოგვიწია. ეს ყველაფერი დასასრული არაა, დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერები დავბრუნდებით, ქართველ გულშემატკივარს მოვუწოდებ, რომ ჩვენი ირწმუნონ და მათ აუცილებლად გავახარებთ.
მადლობა იმ ხალხს, ვინც დღეს მთელი თამაშის განმავლობაში არ გაჩერებულა. მართლა თბილისში მეგონა თავი. სასწაული ატმოსფერო შექმნეს. მათ დაიმსახურეს დღეს, სადაც ვიყავით. სამწუხაროდ არ გამოვიდა შემდეგ ეტაპზე გასვლა, რადგან ესპანეთი ძალიან რთული მეტოქეა. ჩემი აზრით, მათ ამ ჩემპიონატის მოგება ძალიან მშვიდად და წყნარად შეუძლიათ.
მთელ ქვეყანას ამ ჩემპიონატმა დიდი რაღაც უნდა მოგვცეს, რადგან ყველამ დავინახეთ, როგორ უყვართ საქართველოში ფეხბურთს და რა შეუძლია ფეხბურთს. იმიტომ, რომ ამ დღეებში მთელი საქართველო ფეხბურთის გარშემო იყო გაერთიანებული.
ესპანელ ჟურნალისტებთანაც ვთქვი, რომ ასპროცენტიანი თამაშგარე იყო, რადგან მორატა ხელს მიშლიდა, მარჯვნივ გადავედი სწორედ ამიტომ და როდრიმ მარცხნივ გაიტანა. ეს გოლი რომ არა, მეორე ტაიმში სხვანაირად ვითამაშებდით. შესაძლოა მაინც წაგვეგო, მაგრამ პირველი გოლი მაინც სულ სხვაა. არ შემეძლო გაპროტესტება, რადგან უეფამ გაგვაფრთხილა, რომ კაპიტნის გარდა მსაჯთან პროტესტი არ შეიძლებოდა. მსაჯმაც მგონი შეამოწმა, მაგრამ სანახავად არ წავიდა, ჩემთვის ეს უცნაურია, მაგრამ ფეხბურთია და ხდება“.
ლაშა თაბაგარი





