ვილი სანიოლის მიაჩნია, რომ ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის სადებიუტო შეხვედრაში თურქეთთან (1:3) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ძალიან კარგად ითამაშა და შეუძლია იამაყოს. ფრანგმა სპეციალისტმა ამის შესახებ “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართული თამაშის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ვილი სანიოლი: “როდესაც მარცხდები, არ არის სასიამოვნო, მაგრამ ვფიქრობ, ჩემს გუნდზე და ჩემს თავზეც, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ სადღაც სხვაგან იყო, რადგან ძალიან კარგად ვითამაშეთ და შეგვიძლია ამით ვიამაყოთ. ბევრი მომენტი გვქონდა გოლის გასატანად, ალბათ იმდენი, რამდენიც თურქეთს, მაგრამ ეს ფეხბურთია. რა თქმა უნდა, არ ვარ კმაყოფილი წაგებით, მაგრამ კარგად ვითამაშეთ.
ჩვენ დღეს ვითამაშეთ ერთ-ერთ საუკეთესო სტადიონზე მსოფლიოში და ჩემგან ამის თქმა იოლი არ არის, რადგან დორტმუნდის სტადიონზე ვსაუბრობ, თუმცა, ფანტასტიკური ატმოსფერო იყო. ერთადერთი გული იმაზე მწყდება, რომ საქართველოს ჰიმნზე თურქი ფანების ნაწილისგან იყო სტვენა და შეძახილები, რაც არ არის სასიამოვნო. თუმცა, მთლიანობაში სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო.
ამგვარი მატჩებიდან გამოცდილებას მოვიპოვებთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ასეთ მატჩს არ წავაგებთ. ჩვენთვის ახლა მთავარი გამოცდილების მიღებაა და ეს ერთგვარი სასწავლო პროცესია. ფეხბურთელებმა ძალები უნდა აღიდგინონ და წინ ჩეხეთთან მატჩია.
რაც შეეხება მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილის ჩასვლას, ბოლო წუთი იყო და ანგარიშის გათანაბრება გვინდოდა, რადგან ვფიქრობ, ამას ვიმსახურებდით, თუმცა, არ გამოგვივიდა. ფეხბურთი ასეთია. არ გვინდოდა 1:2 წაგება, არამედ გვსურდა ანგარიშის გათანაბრება და მამარდაშვილიც ამიტომ იყო მეტოქის საჯარიმოში ჩასული.
ვფიქრობ, ყველაფერს უფრო ფართო მასშტაბით უნდა შევხედოთ. ევროპის ჩემპიონატზე ვართ, სწორედ ეს ევროპის ჩემპიონატია ერთგვარი ჯილდო ფედერაციის მუშაობის და ძალიან მიხარია, რომ მეც ამ ყველაფრის მონაწილე ვარ. ჯგუფიდან გასვლა მიზნად უნდა დაისახო, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ისაა, რომ კარგი თამაში ვაჩვენოთ, ჩვენ ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზე ვართ და ეს ტურნირი დაგვეხმარება, რომ მომავალში კიდევ უფრო მეტად გავძლიერდეთ. რასაკვირველია, შემიძლია გითხრათ, რომ ჩეხეთის წინააღმდეგაც ასეთი ბრძოლისუნარიანობით ვითამაშებთ”.
ლაშა თაბაგარი სპეციალურად “ათიანისთვის” დორტმუნდიდან
მადლობა საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოაციაციას მხარდაჭერისთვის
