საქართველოს ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე შედგა. მატჩმა ნამდვილად გაორებული გრძნობა დამიტოვა – სიამაყის და გულდაწყვეტის. ფრაზა „ღირსეულად წაგება“ ჩემთვის მისაღები არა, რადგან მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენს ბიჭებზე აუგს ვერ იტყვი. მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრები ფრეს მაინც იმსახურებდა თავისზე გამოცდილ მეტოქესთან მეტი იღბალი რომ ჰქონოდა. თორემ თურქეთს არც გუნდური თამაში ჩამორჩა და არც ინდივიდუალური ოსტატობით. მთავარი საქმე გაკეთებულია და ჩვენ ევროზე ვართ, რომელიც ღირსეულად დავიწყეთ.
ვუპერტალიდან დორტმუნდამდე მგზავრობის პერიოდში ქართველი გულშემატკივრები შემხვდნენ, რომლებმაც დორტმუნდში მატარებლიდან გადმოსულებმა “საქართველო, საქართველო” დააგუგუნეს.
“სიგნალ იდუნა პარკისკენ” მიმავალმა მეტროში ჩემს კოლეგებთან ერთად თურქი გულშემატკივრების ვაგონში ვიმგზავრე, რომლებიც მთელი გზა არ გაჩერებულან. თუმცა, არც ჩვენ ჩამოვრჩით და “საქართველოს გაუმარჯოს” შევაგებეთ. სტადიონთან მისულებს გადაწითლებული თურქული გულშემატკივრების არმია დაგვხვდა და ბუნებრივია, რომ დღეს “სიგნალ იდუნა პარკის” ტრიბუნებზე “დიდი თურქობა” იქნება.
სიმბოლურია, რომ საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ შეხვედრას ლეგენდარული დავით ყიფიანის დაბადების დღეს ატარებს. რომელმაც თბილისის “დინამოში” გამოსვლის დროს თავისი განუმეორებელი სათამაშო მანერით მსოფლიო ფეხბურთში ეპოქა შექმნა.
თამაშის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები UFC-ის პირველმა ქართველმა ჩემპიონმა ილია თოფურიამ გაამხნევა, რომლის მიმართვის ვიდეორგოლი სტადიონზე დამონტაჟებულ ეკრანზე გაუშვეს.
მატჩამდე დორტმუნდში ძლიერი წვიმა იყო, თუმცა ვიდრე გუნდები ერთმანეთის წინაშე წარსდგებოდნენ, ნალექი შეწყდა. შემადგენლობების გამოცხადების დროს თავისი ფეხბურთელების გვარების ჩამოთვლას თურქები დიდი ოვაციით შეხვდნენ, ხოლო ქართველების გვარების გაგონებაზე გამაყრუებელი ყიჟინა ატეხეს, მაგრამ ჩვენმა ქომაგებმაც ტოლი არ დაუდეს. ამას ქართველ და თურქ გულშემატკივრების ნაწილს შორის ჩხუბი მოჰყვა, თუმცა, სტადიონის წესრიგის დამცველებმა მხარეები მალე დააშოშმინეს.
ვილი სანიოლმა დაცვის ცენტრში გურამ კაშია, ლაშა დვალი და ტრავმამოშუშებული სოლომონ კვერკველია დააყენა. ფრანგმა სპეციალისტმა მარჯვენა ფლანგის კონტროლი ოთარ კაკაბაძეს დაავალა, ხოლო მარცხენასი – გიორგი წიტაიშვილის. მან მაინც არ გარისკა ლევან შენგელიას მოედანზე გაყვანა, რომელსაც საბერძნეთთან მატჩის მერე არ უთამაშია. ნახევარდაცვის ცენტრში ოთარ კიტეიშვილის მაგივრად ანზორ მექვაბიშვილი მოქმედებდა, რომელიც გიორგი ქოჩორაშვილს შეუწყვილდა, ხოლო მათ წინ გიორგი ჩაკვეტაძე იყო. შეტევის წყვილი ასე გამოიყურებოდა – კვარაცხელია და მიქაუტაძე.
საქართველოს ჰიმნის გაჟღერებისას თურქებმა ობსტრუქცია მოაწყვეს, რაც მიუღებელია. თუმცა, თურქეთის ჰიმნის შესრულების დროს ქართველ გულშემატკივრებს იმავე არ უკადრიათ.
მე-12 წუთზე თურქების კონტრშეტევის დროს, ქართველმა მცველებმა ბურთი ვერ მოიგერიეს, ხოლო აიჰანმა საჯარიმოს ხაზიდან ძლიერად დაარტყა და ძელმა გადაგვარჩინა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში კვარაცხელიას პასის მერე, საჯარიმოს გარედან მეტოქის კარს მექვაბიშვილი დაემუქრა და რიკოშეტის შემდეგ, თურქების მეკარემ ბურთი მოიგერია. მე-14 წუთზე ილდიზი საქართველოს საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მახვილი კუთხიდან მისი ძლიერი დარტყმული მამარდაშვილმა გაანეიტრალა. ტაიმის შუაწელში ჩალჰანოღლუმ მოწინააღმდეგის საჯარიმოში კარგ პოზიციაში მიიღო ბურთი, მაგრამ შემოტრიალებით არაზუსტად დაარტყა.
25–ე წუთზე კადიოღლუმ მარცხენა ფლანგიდან ჩვენს საჯარიმოში პასი გააკეთა და დვალის თავით მოგერიებული ბურთი მულდურმა მიწაზე დაუშვებლად აუღებლად დაარტყა – 1:0. ერთ წუთში თურქების სრწაფი კონტრშეტევა გოლით დასრულდა, მაგრამ ეპიზოდი VAR-ზე გადამოწმდა და გატანილი ბურთი გაუქმდა. რადგან გოლის ავტორზე თამაშგარე დაფიქსირდა. 28-ე წუთზე საქართველოს ნაკრების შეტევის დროს, წიტაიშვილი საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და დაარტყა – მეკარემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო.
33-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფი ქოჩორაშვილი ცრუ მოძრაობით
თურქ მცველს გაცდა და საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა პასი მიქაუტაძეს გაუკეთა, რომელმაც ერთი შეხებით გიუნოკს ახლო კუთხეში გაუტანა – 1:1. ის საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე თავი გამოიჩინა, ხოლო ლეგენდარული სლავა მეტრეველის მერე მეორეა, ვინც ევროპირველობაზე გოლი მიითვალა. მეტრეველმა 1960 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალში საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგნელობასი იუგოსლავიასთან შეხვედრაში ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
35-ე წუთზე ჩაკვეტაძის ძალიან მაგარი პასის მერე, მოწინაარმდეგის საჯარიმოში კაკაბაძემ თავით მიქაუტაძე მოძებნა, რომელმაც ვარდნაში ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა და თურქებს როგორც ფეხბურთის თამაშში, ისე გულშემატკივრობაშიც არ ჩამოვრჩით.
წვიმის ფონზე მიმდინარე მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი გუნდის კონტრიერიშის დროს თურქების ნახევარზე მიქაუტაძემ მარჯვენა ფლანგზე მიიღო ბურთი და საპირისპირო მხარეს წიტაიშვილს გადაუტანა, რომელიც საჯარიმოში ფინტებით მცველს გაექცა და მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა – გიუნოკმა დამაჯერებლად ითამაშა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე ილმაზი ჩამოიტოვა და საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, რომელმაც შემოტრიალებით დაარტყა, მაგრამ ორმა მცველმა დაბლოკა. 57-ე წუთზე ჩალხანოღლუმ დაახლოებით 25 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა ძალიან სახიფათოდ შეასრულა და მამარდაშვილმა ბურთი ცალი ხელით მოიგერია.
62-ე წუთზე კვაარცხელიამ თურქების ნახევარზე მარცხენა ფლანგიდან შეუტია და წიტაიშვილს მისცა პასი, რომელმაც ბურთი უკან დაუბრუნა და ხვიჩამ საჯარიმოში კარგი პოზიციიდან ვარდნაში არაზუსტად დაარტყა.
65-ე წუთზე წიტაიშვილმა თავის ნახევარზე დაკარგა ბურთი და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა არდა გიულერმა დაახლოებით 22-23 მეტრიდან მამარდაშვილს „ცხრიანში“ გაუტანა – 2:1. 68-ე წუთზე თურქებმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც კართან ახლოს მდგომმა კოკჩუმ ცუდი დარტყმით დაასრულა და მამარდაშვილმა ბურთი ხელებში დააფიქსირა. 70-ე წუთზე ქოჩორაშვილმა თურქების საჯარიმოში ერთი მეტოქე ჩამოიშორა და მისი დარტყმის შემდეგ, ბურთი ზედა ძელს მოხვდა. 87-ე წუთზე თურქების კონტრშეტევა ახლო მანძილიდან თავური დარტყმით იაზიჩიმ დაასრულა და მამარდაშვილმა სასწაული ბურთი მოიგერია.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებში კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და ქოჩორაშვილმა ახლო მანძილიდან ანგარიში გათანაბრების რეალური შანსი ხელიდან გაუშვა.
ამის შემდეგ, კვარაცხელიამ საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი მეტოქის კართან ჩაჰკიდა და კაშის თავურის მერე თურქები გვერდითმა ძელმა იხსნა, ხოლო დავითაშვილის დარტყმულს მცველი გადაეღობა.
97-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კუთხური ჩააწოდა და თურქების მოგერიებული ბურთი მოწინააღმდეგის ნახევარზე სანდრო ალთუნაშვილმა დაკარგა, ხოლო აკტუკოღლუმ გვარიანი მანძილი ირბინა და ცარიელ კარში გაიტანა, რადგან მამარდაშვილი ვინჩენცო მონტელას გუნდის საჯარიმოში იმყოფებოდა.
თურქეთი-საქართველო 3:1(1:1)
18 ივნისი. დორმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“.
თურქეთი: გიუნოკი, აკაიდინი, კიოკჩუ, გიულერი (იაზიჯი, 78), ჩალჰანოღლუ (კ) (ოზკანი, 90+2), ბარდაქჩი, მულდური (ჩელიკი, 85) ილდიზი (აკტურკორლუ, 89), კადოღლუ, ილმაზი, აიჰანი (დემირასლი, 79).
მთავარი მწვრთნელი: ვინცენცო მონტელა.
საქართველო: მამარდაშვილი, დვალი, კაკაბაძე, კაშია (კ), კვერკველია (ზივზივაძე, 85), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი, 74), მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი, 89), ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე (დავითაშვილი, 74), მიქაუტაძე.
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი.
გოლები: 1:0 მულდური (25), 1:1 მიქაუტაძე (32), 2:1 გიულერი (65), 3:1 აკტურკოღლუ (97)
გაფრთხილება: ბარდაქჩი (35), კვერკველია (55), ჩალჰანოღლუ (89)
მთავარი მსაჯი: ფაკუნდო ტელო (არგენტინა).
ლაშა თაბაგარი სპეციალურად „ათიანისთვის“ დორმუნდიდან
მადლობა სპორტისა და კულტურის სამინისტროს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოცაციას მხარდაჭერისთვის





