საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩის ჩასატარებლად ემზადება.
15 ივნისს, ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე კიდევ ერთხელ ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა. გუნდთან ერთად არ უვარჯიშია ოთარ კიტეიშვილის, რომელიც მზადებას ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს.
ვარჯიშის დაწყებამდე, მედიის კითხვებს ზურიკო დავითაშვილმა უპასუხა.
ზურიკო დავითაშვილი: “ვემზადებით მაქსიმალურად. ჯერჯერობით, უფრო მეტად საკუთარ თავზე გვაქვს კონცენტრაცია, თუმცა ვიწყებთ მეტოქის განხილვასაც. იმედია, ყველაფერს ისე ვიზამთ, როგორც საჭიროა და სასურველ შედეგს მივაღწევთ.
სასიამოვნოა, როდესაც შენი ქვეყნიდან ვარჯიშზეც კი ამდენი გულშემატკივარი მოდის. თამაშზე ბევრად მეტი ქომაგი იქნება, რაც მეტ მოტივაციას გაძლევს.
ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ფსიქოლოგიური მზადყოფნაა. ჩემი აზრით, ყველაფრისთვის მზად ვართ, რაც თითოეულ მოთამაშეს ეტყობა. გუნდში ძალიან მაგარი გარემოა და იმედია ამ ყველაფერს სტადიონზე გადავიტანთ თამაშის დროს”
16 ივნისს, საქართველოს ნაკრების ვარჯიში დახურული იქნება. 17 ივნისს ჩვენი გუნდი დორტმუნდში, საქართველო – თურქეთის მატჩის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშებს. ევროპის ჩემპიონატზე აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე მატჩისწინა პრესკონფერენცია გაიმართება.
17 ივნისის განრიგი | დორტმუნდი (CET)
17:45 – საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია
18:30 – საქართველოს ნაკრების ვარჯიში
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი).
მცველები: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა).
ნახევარმცველებია/თავდამსხმელები: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი).
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
18 ივნისი | თურქეთი – საქართველო | 20:00
22 ივნისი | საქართველო – ჩეხეთი | 17:00
26 ივნისი | საქართველო – პორტუგალია | 23:00
ლაშა თაბაგარი
