შედგება ხვიჩას და “გრაფის” თანამშრომლობა?

0
53

„ნაპოლიში“ ანტონიო კონტე (მეტსახელად გრაფი) მთავარ მწვრთნელად ოფიციალურად დაინიშნა. როგორც იტალიური მედია იტყობინება, 54 წლის სპეციალისტს სურს, რომ ხვიჩა კვარაცხელია შეინარჩუნოს.
ამიტომაც, კლუბი 23 წლის ქართველ შემტევთან ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე აგრძელებს მუშაობას და პსჟ-ს ინტერესის მიუხედავად, მის გაყიდვას არ აპირებს.
კონტე მომდევნო სეზონის სტრატეგიაზე სამუშაოდ კლუბის მფლობელ აურელიო დე ლაურენტისსა და სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანას შეხვდა. იტალიური მედიის ცნობით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კონტე ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერს არ განიხილავს და ის გუნდში სჭირდება.
„სატრანსფერო მაგიდაზე ბევრი სახელია, თუმცა, კვარაცხელია მათ შორის არ არის. „კვარა ხელშეუხებელია – ეს არის პირველი პუნქტი, რომელზეც ყველა შეთანხმდა“, – წერს Corriere dello Sport.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, პარი სენ-ჟერმენი კლუბის ხელმძღვანელობაზე „პრესინგს“ აგრძელებს, თუმცა, 23 წლის ქართველის დათმობას „ნაპოლიდან“ არავინ აპირებს.
კონტე სავარაუდოდ, კვარაცხელიას მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე მოიაზრებს 3-5-2 სქემაში, ან 3-4-3 სქემაში შეტევის მარცხენა ფლანგზე.
გარდა ამისა, იტალიაში წერენ, რომ კონტეს სატრანსფერო ბაზარზე ორი პრიორიტეტი ჰყავს – „ჩელსის“ ფორვარდი რომელუ ლუკაკუ და „ტორინოს“ ცენტრალური მცველი ალესანდრო ბონჯორნო.
შეგახსენებთ, ანტონიო კონტემ „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
გთავაზობთ ანტონიო კონტეს სამწვრთნელო კარიერის იმ ნაწილს, როდესაც გრაფი ტურინის “იუვენტუსში” მუშაობდა.
…2011 წლის მაისში ანტონიო კონტე ტურინის “იუვენტუსს” მთავარი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. გრაფს ალბერტო ძაკერონისა და ლუიჯი დელნერის მიერ დატოვებული მძიმე “მემკვიდრეობა” ერგო. “ბებერი სინიორა” ტიპურ საშუალო დონის გუნდად იქცა, რომელიც ბოლო 2 სეზონის განმავლობაში სერია A-ში მეშვიდე საფეხურზე ზემოთ აბობღებას ვერ ახერხებდა. იტალიის ყველაზე ტიტულოვანი კლუბისგან მხოლოდ სახელოვანი ისტორიაღა იყო შემორჩენილი. გრაფის დამრიგებლად მისვლას ბევრი პესიმიზმით შეხვდა, აქაოდა, კონტეს ტოპკლუბებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვსო. ოპტიმისტები კი იმით იმაგრებდნენ პოზიციას, 2011-ში “სიენა” სერია A-ში სწორედ სინიორ ანტონიომ რომ დააბრუნა.
გრაფმა “იუვეს” დამრიგებლად მოღვაწეობის პირველსავე თვეებში გუნდს საკუთარი სახე და ხელწერა ჩამოუყალიბა. იტალიური კლუბების უმრავლესობისთვის დამახასიათებელი კატენაჩიოს ნაცვლად “ბიანკონერიმ” ინტელექტუალური ფეხბურთის ჩვენება დაიწყო, უმთავრესი კი როგორც დაცვაში, ასევე შეტევისას მაღალორგანიზებული თამაშია. შედეგმაც არ დაახანა. პირველსავე სადამრიგებლო სეზონში კონტემ “იუვეს” სკუდეტო მოაგებინა (პირველად 2006 წლის შემდეგ), ამასთან გუნდმა მთელი ჩემპიონატის მსვლელობისას მხოლოდ 20 ბურთი გაუშვა.
მომდევნო სეზონში გრაფის დამოძღვრილა “იუვენტუსმა” შემოქმედებითი თამაში კიდევ უფრო დახვეწა. არადა, კონტეს უდიდესი წინააღმდეგობის დაძლევა მოუხდა. პირველობის სტარტის წინ ანტონიო ათთვიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ჯერ კიდევ “სიენაში” მუშაობის პერიოდში გრაფს “ჩაწყობილ” მატჩში მონაწილეობა დააბრალეს. მოგვიანებით “იუვენტუსმა” მკაცრი ვერდიქტი გაასაჩივრა, სააპელაციო სასამართლომ თავდაპირველი განაჩენი 4 თვემდე დაიყვანა. “ბებერმა სინიორამ” კიდევ ერთი ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. დამაჯერებლად მოიგო სკუდეტო, ჩემპიონთა ლიგაში კი, 2006 წლიდან მოყოლებული პირველად, მეოთხედფინალამდე გაღწევა მოახერხა. ამ ეტაპზე “იუვემ” მიუნხენის “ბაიერნთან” ორივე პაექრობა ერთნაირი ანგარიშით (0:2) წააგო, თუმცა ბავარიელებთან შებმისას “შავთეთრები” უმწეოდ სულაც არ გამოიყურებოდნენ.
კონტემ მასიმილიანო ალეგრის დაწუნებული ანდრეა პირლო ორგანულად ჩართო “იუვეს” სათამაშო მექანიზმში და გუნდის ლიდერად, მამოძრავებელ ძალად აქცია. ანტონიოს ზედამხედველობით გაცილებით სოლიდურად ათამაშდენ პოლ პოგბა და არტურო ვიდალი. დავუმატოთ ჩვენ მიერ ნახსენებ ტრიოს ჯანლუიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო და გასაგები გახდება, გუნდის ქომაგები მხოლოდ ზედიზედ მესამედ მოპოვებული სკუდეტოთი ბოლომდე კმაყოფილები რომ არ დარჩენილან. ოქროს მედლებს ტიფოზები უკვე მიეჩვივნენ, ევროთასებზე კი გუნდისგან მეტს ითხოვენ. ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში, 2013 წლის 11 დეკემბერს “იუვენტუსი” დათოვლილ სტამბოლში “გალათასარაისთან” 0:1 დამარცხდა და ევროპა ლიგაზე გადაერთო. ამ ტურნირის ფინალი ტურინის “იუვენტუს სთედიუმზე” იყო დანიშნული, თუმცა, “იუვემ” ნახევარფინალში ლისაბონის “ბენფიკას” წინააღმდეგობა ვერ დაძლია…

გოჩა კაჭარავა