21-წლამდელები ყაზახებს დაუზავდნენ

0
25

 საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, რომელიც ევრო 2025-ზე მოსახვედრად იბრძვის, ამხანაგური მატჩი ყაზახ თანატოლებთან ჩაატარა. მიხეილ მესხის სახლობის სტადიონზე გამართულმა დაპირისპირებამ, რომელსაც ბევრი გულშემატკივარი არ დასწრებია, გამარჯვებული ვერ გამოავლინა.
შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი 29-ე წუთზე შეიქმნა, როდესაც გიორგი მაისურაძემ მოედნის ცენტრიდან კარიდან წინ გამოსული ყაზახი გოლკიპერისთვის ბურთის თავს ზემოთ გადაგდება მოინდომა და მიზანს ოდნავ ააცილა. მანამდე, ერთი წუიით ადრე ნოდარ ლომინაძემ კუნთის ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა.
31-ე წუთზე ყაზახების შეტევის დროს, ქართველმა მცველებმა თავის საჯარიმოში შეცდომა დაუშვეს და ბურთი ივან სვირიდოვს დარჩა, რომელმაც ახლო მანძილიდან ვერ გაიტანა. 36-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა კუთხური ჩააწოდა და სვირიდოვის რიკოშეტის მერე, სტუმრების მეკარე ნახტომში ძალიან რთული ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმში თამაშში კარგად ჩაერთო გიორგი აბუაშვილი, რომელმაც მარცხენა ფლანგზე ვითარება რამდენიმეჯერ გაამწვავა. 67-ე წუთზე ჩვენი გუნდის კონტრშეტევის დროს მეტოქის საჯარიმოში მყოფმა ჯადული იობაშვილმა შორეულ კუთხეში დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში თავით გოლის გატანა ნიკა უგრეხელიძეს შეეძლო და ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. მატჩის მიწურულს გიორგი ხარებავამ ბურთი ყაზახების საჯარიმოში მიიღო, მაგრამ კარში არაზსუტად დაარტყა.
საქართველო-ყაზახეთი 0:0
6 ივნისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.
საქართველო:
ხარატიშვილი (46. თანდილაშვილი), ხვადაგიანი, გოგლიჩიძე (78. ხარებავა), მაისურაძე (78. კვარაცხელია), რუხაძე (46. მამაცაშვილი), ლ. გაგნიძე (64. ნ. უგრეხელიძე), ლომინაძე (28. ოსიყმაშვილი), ოდიშარია (64. ოგბაიძე), სალია (46. აბუაშვილი), კვერნაძე (64. იობაშვილი), გორდეზიანი (64. მორჩილაძე)
მთავარი მწვრთნელი:
რამაზ სვანაძე.
ყაზახეთი: ანარბეკოვი, კასაბულატი (80. გალინი), კურგინი, ჟუმაკოვი, შირობოკოვი, ნაზიმხანოვი (69. სერიკული), აიმანოვი, კალმირზა (56. კარდიბეკოვი), სვირიდოვი (80. ასკაროვი), კენჟებეკი (69. ნურინბეტი), აბდულა (69. პოპოვი)
მთავარი მწვრთნელი:კონსტანტინ გოროვენკო
გაფრთხილება: აბდულა (65), ნ. უგრეხელიძე (72)
მთავარი მსაჯი: ი.ხერხაძძე