“რეალის” მეთხუთმეტე ტრიუმფი

0
30

მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგა/ჩემპიონთა თასი მეთხუთემეტდ მოიგო და ვინ იცის ამ რეკორდს ოდესმე რომელიმე გუნდი გაიმეორებს, რომ არაფერი ვთქვათ გაუმჯობესებაზე. ლონდონის ლეგენდარულ “უემბლიზე”, სადაც ჩემპიონთა ლიგის/ჩემპიონთა თასის ყველაზე მეტი ფინალი ჩატარდა, კარლო ანჩელოტის გაწვრთნილი გუნდი დორტმუნდის “ბორუსიას” დაუპირისპირდა და ფავორიტის სტატუსი სრულად გაამრთლა.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის ორი რეალური შანსი ედინ ტერზიჩისა გუნდს ჰქონდა – კურტუასთან პირისპირ გასულ ადეიემის ბურთი გაექცა და უხეიროდ დაარტყა, ხოლო ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში ბელგიელ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ფულკრუგმა ბურთი გვერდით ძელს მოახვედრა.
მეორე ტაიმი “რეალმა” უფრო აქტიურად დაიწყო და ტონი კროოსმა, რომელმაც საკლუბო დონეზე ბოლო მატჩი ჩაატარა, საჯარიმო დარტყმა სახიფათოდ შეასრულა, მაგრამ კობელმა ნახტომში ბურთი კუთხურზე მოიგერია. ტაიმის შუაწელში ადეიემის ზუსტი პასის მერე, ფულკრუგმა ვარდნაში თავით დაარტყა და კურტუამ იყოჩაღა. ამას ახლო მანძილიდან კარვახალის დარტყმა მოჰყვა და დორმუნდელთა როგორც მცველი, ასევე მეკარე კარგად გაისარჯნენ. 74-ე წუთზე კროოსმა მარცხნიდან კუთხური ჩააწოდა და კარვახალმა თავით ანაგრიში გახსნა.
“რეალის” დაწიაურებიდან ცოტა ხანში ანგარიშის გახრდა ბელინგემს შეეძლო, რომლის დარტყმულ ბურთს მიმართულება გერმანელმა მცველმა შეუცვალა. ცოტა ხანში, მადრიდელებმა კუთხური ჩააწოდეს და ნაჩოს თავური კობელმა გაანეიტრალა. 83-ე წუთზე თავის ნახევარზე მყოფი მატსენი პასს თანაგუნდელს უკეთებდა, მაგრამ ბურთი ბელინგემს “ჩააბარა”, რომელმაც ვინისიუს ჟუნიორი კობელთან პირისპირ დატოვა და ბრაზილიელმა “სამეფო კლუბი” კიდევ უფრო დააწინაურა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და “რეალი” ამ ფორმატით ჩატარებული ჩემპიონთა ლიგის ბოლო გამარჯვებული გახდა. ესპანელებმა არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგა მარცხის გარეშე მოიგეს.ფინალის საუკეთესო მოთამაშედ კარვახალი დაასახელეს.
ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერაში 29-ე ტიტული მოიგო, ხოლო “რეალთან” ერთად მე-13. ის ამ მაჩვენებლით მადრიდული კლუბის ისტორიაში მხოლოდ ლეგენდარულ მიგელ მუნიოსს ჩამორჩება. იტალიელმა სპეციალისტმა მწვრთნელის რანგში ჩემპიონთა ლიგა მეხუთედ მოიგო,რაც რეკორდია. კროოსმა, კარვახალმა, მოდრიჩმა და ნაჩომ ჩემპიონთა ლიგაში მეექვსედ გაიმარჯვეს – მათ ლეგენდარული ჰენტოს რეკორდი გაიმეორეს. 34 წლის კროოსმა, რომლის ევროპის ჩემპიონატის მერე კარეირას ასრულებს, “რეალში” და “ბაიერნში” ტიტული მოიპოვა. მოდრიჩმა და ნაჩომ “რეალის” მაისურით 26-26 ჯილდო დაისაკუთრეს – მათ ბენზემას და მარსელოს რეკორდი გააუმჯობესეს.
“რეალმა” განვლილ სეზონში  ესპანეთის ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა და ესპანეთის სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი