კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურმა სტარტი სამტრედიაში აიღო, სადაც ადგილობრივმა „სატრედიამ“ მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 2:2.
მატჩის 33-ე წუთზე ბრაზილიელმა ვანდერსონ სილვამ საუცხოო პასით მასპინძლების მეკარესთან პირისპირ ვლადიმერ მამუჩაშვილ;ი დატოვა, რომელმაც ანგარიში გახსნა – 0:1. 53-ე წუთზე მეტოქის ნახევარზე მყოფმა მამუჩაშვილმა კარგი გადაცემა გაუკეთა სამტრდიელთა მცველის ზურგსუკან გახსნილ პაატა ღუდუშაურს, რომელიც საჯარიმოში მარჯვნიდან შევიდა და კარის წინ მდგომი ლევან ხარაბაძე მოძებნა, ამ უკანასკნელმა კი ახლო მანძილიდან გაიტანა – 0:2.
63-ე წუთზე ავღანელი ჰაიდარი სტუმართა საჯარიმოს სიახლოვეს ნიკა მალის გაექცა და მარცხნიდან ჩააწოდა, ხოლო კართან ახლოს მდგომმა არგენტინელმა ერიკ ბარიოსმა თავით ანგარიშში სხვაობა ერთ ბურთამდე შეამცირა – 1:2. მე-80 წუთზე ბათუმელებმა კონტრშეტევა წამოიწყეს და ბურთისკენ განელი არკო-მენსა გარბოდა, მაგრამ თითქმის მოედნის ცენტრამდე გამოსულმა მეკარე თორნიკე მეგრელიშვილმა მეტოქეს დაასწრო, რასაც თანაგუნდელის მისამართით პასი მოჰყვა, რომელმაც რევაზ ინჯგია მოძებნა, ვისი გადაცემის მერე კარის წინ მარტო დარჩენილმა განელმა დანიელ ოვუსუმ ანგარიში გაათანაბრა.
უკრაინელი ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილმა „დინამომ“ 31 ქულა დააგროვა და მეორე წრე მე-4 ადგილზე დაასრულა. „სამტრედიამ“ ფრედ ზედიზედ მე-3 მატჩი დაასრულა, ხოლო საერთო ჯამში გუნდს მიჯრით 12 თამაშია არ მოუგია – 11 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი
