„ოლიმპიაკოსმა“ ბერძნული საკლუბო ფეხბურთის ისტორია დაწერა

0
33

პირეოსის „ოლიმპიაკოსი“ ბერძნული ფეხბურთის ისტორიაში პირველი კლუბია, რომელმაც ევროთასი მოიგო. ათენში „აია სოფიას“ სახელობის ჩატარებულ კონფერენს ლიგის ფინალში ხოსე ლუის მენდილიბარის გაწვრთნილი „ოლიმპიაკოსი“ ვინჩენცო იტალიანოს დამოძღვრილ ფლორენციის „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და დრამატულ ბრზოლაში გაიმარჯვა.
შეხვედრა დაძაბული იყო, მაგრამ მეტოქეების ერთმანეთის კართან რეალურ საგოლე მომენტებს ფაქტობრივად ვერ ქმნიდნენ. 90 წუთმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და დამატებითი დრო დაინიშნა. 116-ე წუთზე „ოლიმპიაკოსის“ კონტრშეტევის დროს მეტოქის ნახევარზე მყოფმა ჰესემ საჯარიმოში პასი მაროკოს ნაკრების ფორვარდ ელ კააბის გაუკეთა, რომელმაც რანიერის დაასწრო და თავით გამარჯვების გოლი გაიტანა. ელ კააბი 11 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროთასების პლეი-ოფში მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო – პორტუგალიელ კრიშტიანუ რონალდუს, ფრანგ ქარიმ ბენზემას და კოლუმბიელ რადამელ ფალკაოს 10-10 გოლი ჰქონდათ.
63 წლის ესპანელმა მენდილიბარმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო. მან შარშან „სევილიას“ ევროპა ლიგის თასი მოაპოვებინა. „ოლიმპიაკოსის“ ესპანელმა ნახევარმცველმა იბორამ კარიერაში მეხუთე ევროთასი მოიგო – 3-ჯერ ევროპა ლიგაში „სევილიასთან“ ერთად გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ – „ვილიარეალთან“. ამას კონფერენს ლიგის მოგებაც დაემატა. „ოლიმპიაკოსი“ მომავალ სეზონში ევროპა ლიგაში იასპარეზებს.
„ფიორენტინამ“ კონფერენს ლიგის ზედიზედ მეორე ფინალი წააგო. შარშან, ფლორენციელები ლონდონის „ვესტ ჰემთან“ დამარცხდნენ.

ლაშა თაბაგარი