გრაცის “შტურმის” ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში 2023-2024 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ამის შესახებ “შტურმის” პრესსამსახური იუწყება. გამოკითხვაში, რომელშიც ავსტრიის ბუნდესლიგის კლუბების პრეზიდენტები, მწვრთნელები და მენეჯერები მონაწილეობდნენ, საქართველოს ეროვნულიუ ნაკრების შუახაზელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
„ეს ჯილდო დიდი პატივია და ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არის პირადად ჩემი და უპირველესად მთელი გუნდის შრომის აღიარება. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება მშვენიერია, მაგრამ ჩვენ, როგორც გუნდს, ჯერ ჩვენი ყველაზე დიდი მიზანი გვაქვს მისაღწევი – ბუნდესლიგის ბოლო ტურში „კლაგენფურტთან“ გადამწყვეტი თამაში უნდა მოვიგოთ, რათა ჩემპიონები გავხდეთ. იმედია, ამ მატჩის შემდეგ ყველა ერთად ვიზეიმებთ“ – განაცხადა 28 წლის კიტეიშვილმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მან “შტურმთან” ერთად ავსტრიის თასი მოიგო და დიდი შანსი აქვს, რომ ბუნდესლიგის ჩემპიონი გახდეს. ცნობისთვის, კიტეიშვილი ბოლო ტურის მატჩს დისკვალიფიკაციის მიზეზით გამოტოვებს.
ლაშა თაბაგარი
