საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები, სამხრეთ აფრიკის საერთაშორისო სერიის პირველ მატჩს ხვალ, 21 მაისს ფიჯის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა ქეიფთაუნის „სითი პარკზე“ 15:00 საათზე დაიწყება.
უმცროსი ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ვიტო კოლელიშვილი მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით ამბობს:
„ვფიქრობ, საქართველოში ნაყოფიერი მზადება გავიარეთ და ყველა იმ კომპონენტზე ვიმუშავეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა. სამხრეთ აფრიკაშიც ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ვფიქრობ, ფიჯისთან სათამაშოდ მზად ვართ, დანარჩენი კი ხვალ გამოჩნდება. ფიჯი ინდივიდუალიზმით გამოირჩევა. მათ უყვართ ბურთით არასტრუქტურული თამაში და ეს განსხვავებული გამოცდილება იქნება. აქედან გამომდინარე, ვეცდებით მეტოქეს სტრუქტურული და დაბალანსებული თამაში დავუპირისპიროთ. დიდი მნიშვნელობა ექნება დისციპლინას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დასახული მონახაზი მაღალი ხარისხით შევასრულოთ“.
უმცროს ბორჯღალოსნებს ფიჯისთან ლუკა ნარსია უკაპიტნებს:
„გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა. სამხრეთ აფრიკაში 4 დღის წინ ჩამოვედით და ადაპტაცია გავიარეთ. ასევე გავაანალიზეთ ფიჯის ძლიერი და სუსტი მხარეები. შედეგად, მაქსიმალურად ვეცდებით მათ ჩვენი ძლიერი მხარეები დავუპირისპიროთ და გამარჯვება მოვიპოვოთ. ჩვენი მიზანია, რომ სამხრეთ აფრიკაში ყველა თამაში მოვიგოთ და ასევე, გამოვავლინოთ ის კომპონენტები, რაზეც მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე უნდა ვიმუშაოთ“.
უმცროს ბორჯღალოსნებს ფიჯელ თანატოლებთან აქამდე სამჯერ უთამაშიათ და მეტოქე სამივეჯერ დაამარცხეს: 2015 წელს ალაფაზე 30:13, ხოლო 2019 და 2024 წლებში ჩემპიონატზე, შესაბამისად – 12:8 და 40:36.
20-წლამდელთა საერთაშორისო სერია
I რაუნდი. 21 მაისი. 15:00 (საქ. დრო)
სამხრეთ აფრიკა. ქეიფთაუნი. „სიტი პარკი“
საქართველო – ფიჯი
საქართველო
ხაზი: 15. დათა არობელიძე, 14. ლუკა ტაბატაძე, 13. დათა ახვლედიანი, 12. ლეონიდე სალდაძე, 11. ავთანდილ ზვიადაძე, 10. მათე მახარაძე, 9. თემურ ძოძუაშვილი;
შერკინება: 1. აჩი ნოზაძე, 2. დავით არჩვაძე, 3. ლევან ეზიეშვილი, 4. გიორგი მეფარიშვილი, 5. ნიკოლოზ ჩხორთოლია, 6. გიორგი არძენაძე, 7. ლუკა ნარსია (კაპ.), 8. გიორგი ზაზაძე.
მარქაფა: 16. გიორგი აღნიაშვილი, 17. დაჩი ჭელიძე, 18. გაბრიელ რაზმაძე, 19. თორნიკე ტორაძე, 20. პაატა ჩაკვეტაძე; 21. გოგა უშვერიძე, 22. დემეტრე დევდარიანი, 23. ნიკა ხალვაში.
სამხრეთ აფრიკა – ჩილე (17:00 საქ. დრო)
26 მაისი. სამშაბათი
ჩილე – საქართველო (15:00)
სამხრეთ აფრიკა – ფიჯი (17:00)
30 მაისი. კვირა
სამხრეთ აფრიკა – საქართველო (16:30)
ფიჯი – ჩილე (18:30)





