ქეცბაიას „დინამომ“ წაუგებელი სერია გორში გაახანგრძლივა

0
2

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ მატჩში ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით გორის „დილამ“ თემურ ქეცბაიას გაწვრთნილ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
პირველი ტაიმის 30-ე წუთზე გორელთა საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლის დროს „დინამოს“ ფორვარდი ირაკლი სირაძე და მასპინძლების კაპიტანი რომარიკ ეტოუ შეეჯახნენ, რის შემდეგ კონგოელმა მცველმა გონი დაკარგა. ეტოუ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს, ხოლო შემდეგ სასწრაფო დახმარების ავტომანქანით კლინიკაში გადაიყვანეს. მეორე „სასწრაფოს“ მოსვლამდე საკმაოდ დიდი დრპ გავიდა და ამის გამო პირველი ტაიმი თითქმის 70 წუთი გაგრძელდა.
ტაიმის მიწურულს „დილას“ ნახევარმცველი ლაშა მენთეშაშვილი თბილისელთა ნახევარზე ფეხებში უხეშად ალექსანდრე კალანდაძეს ჩაუვარდა და მთავარმა მსაჯმა ბაქარ ბრეგაძემ წერ წითელი ბარათი აჩვენა, მაგრამ ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ “ყვითელი” აკმარა. შესვენებამდე თედო კიკაბიძემ უკნიდან ფეხი ფეხზე განელ დონკორს დააბიჯა და “გააყვითლეს”. თუმცა, ბრეგაძემ ეს მომენტი წითელ ბარათზე გადაამოწმა და თავის პირველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
პირველ ტაიმში ანგარიშის გახსნის შანსი გვინეელ მოჰამედ კანტეს ჰქონდა, რომელმაც ჯერ კალანდაძე ჩამოიცილა, შემდეგ საბა ხარებაშვილი და დაარტყა, მაგრამ ლორიამ ბურთი მოიგერია.
მეორე ტაიმში მეტოქის კართან ვითარება უკვე დინამოელებმა გაამწავვეს, როდესაც საბა ხარებაშვილმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა და პორტუგალიელი რუი მონტეირუს სახიფათო დარტყმის მერე, დავით კერესელიძემ გორელები გადაარჩინა.
ამ ეპიზოდიდან ცოტა ხანში, შოთა შეყილაძემ ქუსლით საუცხოო პასი მისცა საჯარიმოში სენეგალელ ტალის, რომელმაც გოლის გატანის რეალური შანსი ხელიდან გაუშვა. მოგვიანებით, “დილას” კარს ხელსაყრელი პოზიციიდან ისევ მონტეირუ დაემუქრა და ამჯერად, ბურთი კარს ააცილა.
“დინამომ” ზედიზედ მეექვსე თამაში არ წააგო (4 გამარჯვება და 2 ფრე) და 22 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა, ხოლო “დილამ” კორღალიძის ხელმძღვანელობით მეორედ ითამაშა და პირველი ქულა მოიპოვა – 20 ქულით მეხუთეა.
ლაშა თაბაგარი