გიორგი მამარდაშვილი: “ვალენსიაში” დარჩენაზე ვოცნებობ”

0
43

გიორგი მამარდაშვილი “ვალენსიაში” დარჩენაზე ოცნებობს, მაგრამ არ იცის ესპანეთის ლა ლიგაში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, მისი მომავალი როგორ წარიმართება. 23 წლის მეკარემ ამის შესახებ კვირქას “რაიო ვალეკანოსთან” სახლში 0:0 დასრულებული თამაშის შემდეგ, ესპანურ მედიასთან ისაუბრა.
გიორგი მამარდაშვილი: „ყველამ ვიცით, რომ ლა ლიგაში ნებისმიერ მეტოქესთან თამაში ძალიან რთულია, რადგან კონკურენცია მაღალია. გამარჯვება არასოდეს არაა ადვილი. ჩვენ ბრძოლა ბოლომდე უნდა გავაგრძელოთ. სეზონის დასრულებამდე სამი თამაში დარჩა და მიზანი მაქსიმალური შედეგის ჩვენება იქნება.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ თამაში გავაუმჯობესოთ? ვფიქრობ, დღეს ბურთის გაკონტროლება ვერ შევძელით, რადგან სიმშვიდე გვაკლდა. მატჩის მოსაგებად მეტი საგოლე შანსი უნდა შევქმნათ. ეს ყველაფერი გამოსასწორებელია.
თუმცა, თავი მაღლა უნდა ავწიოთ. შარშანდელთან შედარებით, „ვალენსია“ მიმდინარე სეზონში უკეთ გამოიყურება და წინსვლა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ „რაიო ვალეკანოსთან“ ვერ მოვიგეთ, თუმცა „მესტალიაზე“ საკმაოდ ბევრ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ.
რაც შეეხება დისკვალიფიკაციის შემდეგ მოედანზე დაბრუნებას, მადლობა მხარდაჭერისთვის. ხალხი ძალიან მეხმარება. სამწუხარო იყო ის, რაც „ბარსელონას“ წინააღმდეგ მომივიდა, რადგან კარგი პირველი ტაიმი ჩავატარე. ამის გამო დღევანდელ მატჩს მოუთმენლად ველოდი და ვიცოდი, აუცილებლად მაღალ დონეზე უნდა მეთამაშა.
ვაპირებ თუ არა სეზონის შემდეგ „ვალენსიაში“ დარჩენას? ვოცნებობ ამაზე, ეს გუნდი ჩემთვის ბევრს ნიშნავს, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. ჯერ არ ვიცი, ახალ სეზონში გუნდში დავრჩები თუ არა. ვნახოთ, რა მოხდება“.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კარის დარაჯი მიმდინარე სეზონში მატჩის საუკეთსო მოთამაშე ხუთჯერ დაასახელეს.
გარდა ამისა, 23 წლის ფეხბურთელი ამ სეზონში ტურის საუკეთესო მეკარე ორჯერ გახდა, ხოლო 2-ჯერ მისი მოგერიება ტურში საუკეთესოდ მიიჩნიეს.
მიმდინარე სეზონში გიორგიმ ოთხი პენალტი მოიგერია – ორი „ალავესთან“ (0:1) მატჩში აიღო, ხოლო თითო „ვილიარეალთან“ (0:1) და „ოსასუნასთან“ (1:0). მან მიმდინარე სეზონში გოლი მე-13 შეხვედრაში არ გაუშვა.
ლაშა თაბაგარი