ვილი სანიოლი: “მთავარი მიზანი საქართველოში საფეხბურთო განწყობის ამაღლებაა”

0
56

ვილი სანიოლის თქმით, მისი მთავარი მიზანი საქართველოში საფეხბურთო განწყობის ამაღლებაა. ფრანგმა სპეციალისტმა, რომელმაც საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე პირველად გაიყვანა, ამის შესახებ ფიფას ოფიციალურ ვებგვერდთან ისაუბრა.
ვილი სანიოლი: “მას შემდეგ, რაც საგზური მოვიპოვეთ, პირველი ორი-სამი კვირის განმავლობაში ყველა საკუთარ თავს ვეკითხებოდით: ”ეს მართლა მოხდა? მართლა მოვხვდით დიდ ტურნირზე?”
შესვენება ავიღე, მაგრამ ეს ჩემი არჩევანი იყო. შესვენების პერიოდს რაც შეეხება, დგება მომენტი, როცა პირველ ადგილზე არის ოჯახი და შენი პრიორიტეტები დაშორებულია ფეხბურთისგან.
ვუთხარი საკუთარ თავს, რომ მსურდა გამეწვრთნა გუნდი და ვყოფილიყავი ბედნიერი. გავიფიქრე, რომ თუ გამოჩნდებოდა რამე უცნაური პროექტი, შესაძლოა, ჩემთვის სწორედ ასეთზე იქნებოდა უკეთესი ყურადღების გამახვილება.
საქართველოსთან საერთო არაფერი მქონდა და როდესაც გავიგე, რომ ჩემი მიწვევა სურდათ, გავიფიქრე: ”რატომ საქართველო?”. წარმოდგენაც კი არ მქონდა. თავდაპირველად გუნდის გაახალგაზრდავება იყო საჭირო. გვქონდა წარმატებაც და წარუმატებლობაც, მაგრამ ფედერაციისგან ყოველთვის ვგრძნობდი მხარდაჭერას, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
მას შემდეგ, რაც მე და ჩემი თანაშემწეები აქ ვიმყოფებით, საქართველოს ნაკრებს მოგებათა პროცენტული მაჩვენებელი ისტორიაში საუკეთესო აქვს. რამდენიმე წლის წინ ფედერაციამ ინფრასტრუქტურისა და აკადემიის მიმართულებით რამდენიმე კარგი იდეა განახორციელა. მანამდე იყო პერიოდი, როდესაც ბავშვებს სათამაში მოედნებიც კი არ ჰქონდათ
ჩემს ფეხბურთელებს უყვართ პატარ-პატარა საინტერესო ამბების მოსმენა ჩემი კარიერიდან, მაგრამ თუ მუდმივად თქვენი წარსულის მაგალითებით შეეცდებით მოთამაშეებისთვის რამეს ახსნას, თუნდაც მათთვის პატივსაცემი იყოთ, არაფერი გამოვა. ისინი იფიქრებენ: ”შენი მოიგე და ეს კარგია შენთვის”, მაგრამ მათთვის არ გამოდგება პრობლემების გადასაჭრელად.
საქართველო მანამდე არასდროს კვალიფიცირებულა დიდ ტურნირზე, მაგრამ საბერძნეთთან მოგების შემდეგ ხალხი უკვე 1/8-ფინალში მოხვედრაზე ალაპარაკდა. აქ ასეთი მიდგომა აქვთ – ყველაფერი ან არაფერი.
ვფიქრობ, ჩემი მხრიდან სისულელე იქნება იმის თქმა: “მოვიგებთ ამას ან იმას”. მთავარი მიზანი საქართველოში საფეხბურთო განწყობის ამაღლებაა და თუ შევძლებთ გავხდეთ ცოტა მეტად თავდაჯერებულები და შევიძენთ მეტ გამოცდილებას, შესაძლოა, მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევში გაცილებით წარმატებითაც გამოვიდეთ.
ყველა, ვინც ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შეკრების დასრულებიდან მეორე დღესვე გარბოდა, მაგრამ ჩემთვის მართლაც მნიშვნელოვანი იყო ადგილზე დიდი ხნით დარჩენა. ვფიქრობ, ადგილობრივი კულტურა მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ცხოვრებაზე, მის თამაშზე და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ამაში გარკვევა”.