უეფას ევროპა ლიგის ფინალის მონაწილეების ვინაობა გაირკვა. 1/2-ფინალში ლევერკუზენის „ბაიერმა“ სტუმრად „რომასთან“ 2:0 მოგების შემდეგ, შინ გერმანელებთან მატჩი ფრედ დაასრულა და არსებობის ისტორიაში ევროპა ლიგის/უეფას თასის ფინალში მეორედ გავიდა.
მატჩის 43-ე წუთზე „ბაიერის“ მცველმა თავის საჯარიმოში ლუკაკუ წააქცია და მსაჯის მიერ დანიშნული პენალტი პარედესმა გაიტანა. 66-ე წუთზე ლევერკუზენელმა ფეხბურთელმა მასპინძლების საჯარიმოში ბურთზე ხელით ითამაშა და არბიტრმა ისევ თერთმეტმეტრიანი დადო, რომელიც გოლად ისეც პარედესმა აქცია.
მიუხედავად იმისა, რომ ხაბი ალონსოს გაწვრთნილი გუნდი 0:2 აგებდა, როგორც ამ სეზონში არაერთხელ მომხდარა, წაგებას თავი ბოლო წუთებში დააღწია. 82-ე წუთზე „ბაიერმა“ კუთხური ჩააწოდა და სვილარი კარიდან ცუდად გამოვიდა, ხოლო მანჩინიმ თავით ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დაამტებულ მე-7 წუთზე სტანიჩი იტალიელთა საჯარიმოში მარჯვნიდან შეიჭრა, ცრუმოძრაობით ერთი მცველი ჩამოიცილა და შორეულ კუთხეში ზუსტად დაარტყა – 2:2. „ბაიერი“ 2002 წლის შემდეგ ევროთასის ფინალში პირველად ითამაშებს, მაშინ ლევერკუზენელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალთან“ დამარცხდმენ. „ბაიერმა“ ყველა ტურნირში ზედიზედ წაუგებელი მატჩების სერია 49-მდე გაზარდა და ლისაბონის „ბენფიკას“ რეკორდი მოხსნა, რომელიც 1963 წლის 22 დეკემბრიდან 1965 წლის 7 თებერვლამდე მიჯრით 48 შეხვედრა არ დამარცხდა.
ბოლო 22 წლის მანძილზე ორი გერმანული კლუბი ევროთასების ფინალში პირველად გავიდა – „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშებს, „ბაიერი“ – ევროპა ლიგის.
„ბაიერი“ ფინალში, რომელიც 22 მაისს ირლანდიის დედაქალა დუბლინში გაიმართება, ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდება, რომელიც არსებობის ისტორიაში ევროთასის ფინალში პირველად გავიდა. 1/2-ფინალში გასვლაზე „მარსელთან“ 1:1 დასრულებული თამაშის შემდეგ, იტალიელებმა შინ ფრანგებს 3 უპასუხო ბურთი გაუტანეს. ანგარიში 30-ე წუთზე ლუკმანმა გახსნა, ხოლო 52-ე წუთზე რუჯერიმ თავისი გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა. გასპერინის შეგირდებიდან ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე წერტილი ტურემ დასვა.
ლაშა თაბაგარი
