პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ დორტმუნდის „ბორუსიასთან“ 0:1 მარცხი და ფინალში ვერგასვლა საკუთარ თავზე აიღო. შეგახსენებთ, რომ პარიზელები სტუმრად გერმანელებთან იმავე ანგარიშით დამარცხდნენ.
„მარცხზე პასუხისმგებლობას ჩემს თავზე ვიღებ. ჩემი გუნდის თითოეული მოთამაშით ვამაყობ. მატჩის შემდეგ ჩემს მოთამაშეებთან არასოდეს ვსაუბრობ, მაგრამ დღეს გამონაკლისი გავაკეთე. თითოეულ მოთამაშეს ინდივიდუალურად ველაპარაკე. მნიშვნელოვანი არა მხოლოდ გამარჯვებაა, არამედ, წაგებაც უნდა შეგეძლოს.
პირველ ყოვლისა რა გრძნობაც დამეუფლა ეს იმედგაცრუებაა. სხვას ვერაფერს ვიტყვი. ორ რაუნდში მეტოქეს არაფერი დავუთმეთ. ფეხბურთი საინტერესო თამაშია და ზოგჯერ უსამართლოა. ჩვენ ვერ გავიტანეთ, არადა, მეტოქის კარში 31-ჯერ დავარტყით. თუმცა, თამაშებს გოლების გატანით იგებ და არა ბურთის კარის ჩარჩოში მოხვედრით.
ვფიქრობ, ამ მატჩში გამარჯვებას ვიმსახურებდით. კარში 31-ჯერ დავარტყით და ბურთი ძელს 4-ჯერ მოხვდა. ორი მატჩის ჯამში კარის ჩარჩოში ბურთი 6-ჯერ მოვახვედრეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ვულოცავ „ბორუსიას“, რომელიც ძალიან კარგი გუნდია და ფინალში გამარჯვებას ვუსურვებ“ – იუწყება ლუის ენრიკეს ნათქვამს ფრანგული მედია.
ლაშა თაბაგარი




