ნიკა კვეკვესკირის პოზნანის „ლეხი“, რომელიც პოლონეთის ჩემპიონობისთვის იბრძვის, მოულოდნელად სახლში ერთ-ერთ აუტსაიდერ ხოჟუვის „რუხთან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცეკაპიტანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. „ლეხი“ 52 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა და ლიდერ „იაგიელონიას“ 4 ქულით ჩამორჩება.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 38-ე ტურში „ლევანტე“ სტუმრად „ვილიარეალი II“-ს შეხვდა და 3:0 დაამარცხა. ჩვენი ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა მეორე ტაიმი შეუცვლელად ითამაშა. „ლევანტე“ 55 ქულით 22 გუნდში მე-8 ადგილზეა.
ლიეტუვის თასის 1/16-ფინალში „ტრანსინვესტმა“ სტუმრად ქვედალიგელი „ეიფორია“ 11:1 დაამარცხა. გამარჯვებულებში სამი გოლი ქართველმა ფორვარდმა ოთარ კობახიძემ გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
